weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, არ იფიქროს შტურმზე – ენმ

14:38 პარასკევი, 19 თებერვალი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, არ იფიქროს პარტიის ცენტრალური ოფისის შენობის შტურმზე, სადაც ნიკა მელია 17 თებერვლიდან იმყოფება. ენმ-ის განცხადებით, მთელი ოპოზიციური სპექტრი ფიზიკურად იცავს მელიას, რაც, პარტიის განმარტებით, სამოქალაქო მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაც არის.

„ენმ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. მოვუწოდებთ, „ქართულ ოცნებას“, არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ.

ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა“, – ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

პარტია აღნიშნავს, რომ მზად არიან, ფასილიტატორების ჩართულობით „ქართულ ოცნებასთან“ ვადამდელი არჩევნების შესახებ მოლაპარაკებები გამართონ, რაც კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორ გზად მიაჩნიათ.

17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელია განჩინების გამოცხადების დროს პარტიის ცენტრალურ ოფისში მხარდამჭერებთან და სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. მას მიაჩნია, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებდა პარტიის ოფისი დატოვებას და პოლიციისთვის ჩაბარებას. ოპოზიციის ლიდერებიც ამბობდნენ, რომ სამართალდამცველებს ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს, დილით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია. როგორც მან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავება „დროებით“ გადადო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]