weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს არის თქვენი ყველაზე დიდი საჩუქარი პუტინისთვის – პავილიონისი

15:54 შაბათი, 20 თებერვალი 2021

საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისში ჩამოვიდა. დილიდან ის შეხვდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე „ქართული ოცნების“ წევრებს. ლიეტუველი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისშიც იმყოფებოდა.

ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა დიალოგი უნდა დაიწყონ.

„მე ახლა ხიდების შენება მინდა. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ამ ხიდებისთვის. ვიმედოვნებ, ხალხი, რომელიც არ არის პარლამენტში, ასევე მზად არის ამისთვის. თუმცა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება პარტნიორები დიალოგისთვის. ჩემი იმედია, რომ ნიკა მელია იქნება წარმოდგენილი ამ მოლაპარაკებებში, რადგან რთულია მოლაპარაკებებში მონაწილეობა ციხიდან. ვიმედოვნებ, ჩვენ ერთად ვიპოვით გამოსავალს“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

კითხვაზე, როგორ ხედავს კრიზისიდან გამოსავალს, ლილიეტუველმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ჯერ ყველა მხარეს უნდა შეხვდეს.

„მომეცით დრო, შევხვდე ყველა მხარეს. მე ჯერ კიდევ პროცესში ვარ. ვიმედოვნებ, რომ შევხვდები მრავალ მეგობარს სხვადასხვა კუთხიდან. შესაძლოა, ხვალ ამის თქმა შევძლო. თუმცა, მე ნამდვილად ვგრძნობ, რომ ეს თქვენს ხელშია. თქვენს პრობლემებს თან ერთვის თქვენ წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები.

შემიძლია მარტივად ვთქვა - თქვენ შესაძლოა, დაკარგოთ ყველაფერი. როდესაც ვიყავი ახალი დიპლომატი, მახსოვს, ჩემმა პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა 1992 წელს მითხრა, ჩვენ ან ევროკავშირსა და ნატო-ს შევუერთდებით ან მოვკვდებით. ასე რომ თქვენ ან ლიეტუვის გზით მიდიხართ, ან ბელარუსის გზით.

რომელ არჩევანს გააკეთებთ, ქართველებო? თუ გსურთ ლიეტუვის გზით სვლა, გაერთიანდით ახლა, ვიდრე ძალიან გვიანი არაა. ეს დაგვიანებული იქნება, როდესაც თქვენ კვლავ იხილავთ რამე სახის დაძაბულობას თქვენს ქუჩებში. პრობლემა არის იმაში, რომ რუსეთს არ სჭირდება მოქმედება, თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს არის თქვენი ყველაზე დიდი საჩუქარი პუტინისთვის. გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს, გაერთიანდით, აჩვენეთ ერთიანობა და თქვენი დემოკრატიის სიმწიფე“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური სურათი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რათა შესაბამისი შეფასებები გააკეთონ. საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით კი, მან ლიეტუველ კოლეგას განუმარტა, რომ ნიკა მელიას საქმე სამართლებრივი საკითხია.

„ოპოზიციასთან შეხვედრაზე, როგორც დამპირდა, დააყენებს საკითხს, რომ ვითარება წავიდეს დეესკალაციისკენ და კონსტრუქციული ნაბიჯები იქნას გადადგმული. მან ჩვენი არგუმენტები მიიღო. ვისაუბრეთ სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე. მათი პოზიცია არის ის, რომ სიტუაცია, რომელიც ქვეყანაშია, ეს დაძაბულობა არავის აწყობს, გარდა ერთი ქვეყნისა და ეს არის რუსეთი, რაშიც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ლიეტუვას მიზანი არის არა შუამავლობა, არამედ კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკების გზით.

„ჩემი აზრით, თუ ვინმეს აქვს მორალური და პრაგმატული ავტორიტეტი არა რომელიმე პოლიტიკური ძალის წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე, ეს არიან ჩვენი ლიეტუველი მეგობრები, რომლებიც ყველა კრიტიკულ ვითარებაში, ამ მთავრობის თუ წინა მთავრობის დროს საქართველოს ედგნენ გვერდში“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით კი, საუბარი შეეხო განხილვებს, რომელიც უახლოეს დღეებში ბრიუსელში უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ მოხდეს განახლებული სტრატეგიით ევროკავშირის ჩართვა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების თვალსაზრისით.

„ჩვენი პარტნიორები ცდილობენ, რომ ქართული დემოკრატიის განადგურებას ხელი შეუშალონ. ეს ვიზიტი ემსახურება დემოკრატიის გადარჩენას ამ ძნელბედობის ჟამს, ამ რადიკალიზაციის ფაზაში“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. 18 თებერვალს, დილით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია. როგორც მან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავება „დროებით“ გადადო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]