weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გახარიამ ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა – სუბარი

09:12 კვირა, 21 თებერვალი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, გაუგებარი და შეუწყნარებელია.

ამ თემაზე სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, უმრავლესობის შიგნით მსჯელობის  დროს, გახარიას ჰქონდა რადიკალური და პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ამის შემდეგ, როდესაც საუბარია აყვანის ფორმებზე და ვადაზე, ეს რჩება ნაწილობრივ სამართლებრივ და ნაწილობრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად. სამართლებრივია იმ ნაწილში, რომ, ბუნებრივია, როდესაც პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, ის აუცილებლად უნდა აღსრულდეს, მაგრამ პოლიტიკური შეიძლება იყოს იმ ნაწილში, თუ რა დროს, რა ფორით შეიძლება მოხდეს აყვანა, რომ როდესაც წინააღმდეგობის გაწევაზე იყო საუბარი, ზიანი იყოს ნაკლები. ამ დროს პრემიერის სიტყვა არის გადამწყვეტი და თუ იტყოდა, რომ „არა“, ბუნებრივია, ეს არ მოხდებოდა. ამავე დროს, როცა ამბობს, რომ პოლარიზაცია უნდა დამთავრდეს, მასზე უკეთესად არავინ იცის, რომ ამ ქვეყანაში პოლარიზაციის წყარო არის მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მეორე წყარო არ არსებობს“, – განაცხადა სუბარმა.

შეკითხვას, როგორ შეაფასებდა გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდს, სუბარმა ასე უპასუხა:

„არჩევნები ახალი ჩავლილია, მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში და ყველგან, სადაც მივდიოდი, მხვდებოდა ის, რომ გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა და ძალიან დადებითად მოქმედებდა ჩემს საარჩევნო კამპანიაზე. უბრალოდ, მას შეეძლო, ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ, თუმცა მგონია, რომ ერთ დღეში, წამში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა. არ ვიცი, რამდენად ღირდა, ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა მას ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განაცხადა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. ამასთან, გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობდა პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას.

რამდენიმე საათით ადრე, 17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას.

პროკურატურა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა დეკემბრის ბოლოს ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ, 2021 წლის 12 თებერვალს, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა. 16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]