„გავრილოვის გამო საქართველოს არცერთი მოქალაქე არ უნდა სამართლდებოდეს. ხვალ რომ 20 ივნისი გაიმეოროს ხელისუფლებამ, ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა გააპროტესტოს - ეს ამას ნიშნავს. ეს მონები. ირაკლი ღარიბაშვილო და ბიძინა ივანიშვილო, თქვენ ხართ ამ ქვეყნის კი არა, ნებისმიერი ქვეყნის მოღალატეები, სადაც დაიბადებოდით და გაიზრდებოდით. ჩვენდა სამწუხაროდ, თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ საქართველოში. პატივია ის ბრძოლა, რომელ ბრძოლაშიც ჩვენ ახლა ვართ. ვერცერთ შემთხვევაში, ხელს ვერ ააღებინებთ თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს, გააპროტესტოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა, რასაც ჰქონდა ადგილი 20 ივნისს“, – განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.
ნიკა მელიას დაკავების მიზნით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისთან დილიდან პოზიცია და სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. ისინი შენობაში შესაღწევად სახანძრო-სამაშველო ტექნიკის კიბეებსაც იყენებდნენ. როგორც შენობაში მყოფმა ადამიანებმა მედიასთან განაცხადეს, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელია განჩინების გამოცხადების დროს პარტიის ცენტრალურ ოფისში მხარდამჭერებთან და სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. მას მიაჩნია, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებდა პარტიის ოფისის დატოვებას და პოლიციისთვის ჩაბარებას.
18 თებერვალს, დილით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია. როგორც მან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავება „დროებით“ გადადო.