weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

შოკირებული ვარ განვითარებული მოვლენებით – ბრიტანეთის ელჩი მელიას დაკავებაზე

09:59 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

„შოკირებული ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. საქართველოს ძალადობის და ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებად სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში“, – დაწერა მარკ კლეიტონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

სპეცდანიშნულების რაზმმა ნიკა მელია დაახლოებით ერთი საათის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დააკავა. პოლიტიკოსის დასაკავებლად სპეცოპერაცია დილიდან მიმდინარეობდა. შენობაში შესაღწევად გამოიყენეს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის კიბეები, შენობაში შესვლის შემდეგ კი ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

ნიკა მელია განჩინების გამოცხადების დროს პარტიის ცენტრალურ ოფისში მხარდამჭერებთან და სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. მას მიაჩნია, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებდა პარტიის ოფისის დატოვებას და პოლიციისთვის ჩაბარებას.

18 თებერვალს, დილით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია. როგორც მან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავება „დროებით“ გადადო.

გახარიას გადადგომის დღესვე „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ღარიბაშვილს და მის მთავრობას ნდობა პარლამენტმა გუშინ გამოუცხადა. საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისი მთავრობის პრიორიტეტი ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება იქნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]