ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცლა ვიდეო, სადაც გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტრმა დეპუტატმა ჟურნალისტებს პასუხის გაცემაზე უარი უთხრა და სთხოვა, მხოლოდ ის შეკითხვები დაესვათ, რაც ეკონომიკას ეხება.
„ეკონომიკასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები? დიდი მადლობა“, – ამბობს სონღულაშვილი და მიდის.
ჟურნალისტი მას უხსნის, რომ მმართველი გუნდის დეპუტატია და მისი პოზიცია მნიშვნელოვანია.
„შესაბამისი კომიტეტი გაგცემთ მაგაზე პასუხს“, – პასუხობს დავით სონღულაშვილი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეც არის.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, 2018 წლიდან სახალხო დამცველს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ ეძლევა. მიმდინარე წელს პირველად ასეთი შემთხვევა 15 აპრილს, მეორედ კი 19 მაისს დაფიქსირდა.
გუშინ სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პანსიონში სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.
ბავშვთა პანსიონს სხალთის ეპარქიის მმართველი, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს, რომელიც ფიქრობს, რომ პანსიონში მყოფი ბავშვების სული მას აბარია და მიიჩნევს, რომ ბავშვებთან სახალხო დამცველის მიშვება უმძიმესი დანაშაულია. პანსიონის ადმინისტრაცია სწორედ მეუფე სპირიდონის კურთხევით არ აძლევს სახალხო დამცველის აპარატს დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარების უფლებას.
ამასთან, სახელმწიფო ამ დრომდე არ ასრულებს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის მიერ 7 მაისს გამოცემულ დროებით ღონისძიებას, რომლითაც დაევალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.
სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ 2020 წლის ივნისის შემდეგ დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლეოდა, რაც სააგენტომაც დაადასტურა.
პრობლემის გასაჯაროების შემდეგ, სოციალურ მუშაკს მიეცა დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა, თუმცა, როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ეს ვერ ჩაითვლება გაეროს კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულებად და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას, რადგან სააგენტო არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამჟამად 53 ბავშვი ირიცხება.