weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მჯერა, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვებს ეხება – თალაკვაძე

15:30 ხუთშაბათი, 03 ივნისი 2021

„სახალხო დამცველს აქვს უფლება, რომ ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

თალაკვაძის თქმით, ამ საკითხში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო.

„ვფიქრობ, პარლამენტი ყველნაირად ხელს შეუწყობს, რომ ამ საერთო ჭეშმარიტებაზე, რასაც კანონი ითვალისწინებს შეთანმხება მოხდეს. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, 2018 წლიდან სახალხო დამცველს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ ეძლევა. მიმდინარე წელს პირველად ასეთი შემთხვევა 15 აპრილს, მეორედ კი 19 მაისს დაფიქსირდა.

გუშინ სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პანსიონში სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

ბავშვთა პანსიონს სხალთის ეპარქიის მმართველი, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს, რომელიც ფიქრობს, რომ პანსიონში მყოფი ბავშვების სული მას აბარია და მიიჩნევს, რომ ბავშვებთან სახალხო დამცველის მიშვება უმძიმესი დანაშაულია. პანსიონის ადმინისტრაცია სწორედ მეუფე სპირიდონის კურთხევით არ აძლევს სახალხო დამცველის აპარატს დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარების უფლებას.

ამასთან, სახელმწიფო ამ დრომდე არ ასრულებს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის მიერ 7 მაისს გამოცემულ დროებით ღონისძიებას, რომლითაც დაევალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.

სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ 2020 წლის ივნისის შემდეგ დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლეოდა, რაც სააგენტომაც დაადასტურა.

პრობლემის გასაჯაროების შემდეგ, სოციალურ მუშაკს მიეცა დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა, თუმცა, როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ეს ვერ ჩაითვლება გაეროს კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულებად და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას, რადგან სააგენტო არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამჟამად 53 ბავშვი ირიცხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]