weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საკითხი მოგვარებული და გადაწყვეტილია – დეპუტატი შუქრუთელების პროტესტზე

15:26 სამშაბათი, 08 ივნისი 2021

ქართული ოცნების დეპუტატის, ხატია წილოსანის ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებსა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზს შორის შეთანხმება შედგა. როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარეობს ბოლო იურიდიული პროცედურები თემის საბოლოოდ დახურვასთან დაკავშირებით“.

„საკითხი უკვე არის მოგვარებული, გადაწყვეტილი. ადამიანებმა, რომელთაც ჰქონდათ პროტესტი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მიაღწიეს შეთანხმებას კომპანიასთან და მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს ბოლო იურიდიული პროცედურები თემის საბოლოოდ დახურვასთან დაკავშირებით. იმას, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა პროტესტი და მათ გამოაცხადეს შიმშილობა, მიმართეს რადიკალურ ზომებს, მყისიერად მოჰყვა ჩვენი კომუნიკაცია კომპანიასთან. ასევე, ჩართულობა იყო დარგობრივი სამინისტროების მხრიდანაც, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკური განცხადებების გარდა, სამუშაო რეჟიმში ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ პროცესში“, – განაცხადა წილოსანმა.

მან პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს მოუწოდა, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, რომ არც მთავრობა და არც პარლამენტი ადამიანების ბედით არ ინტერესდება.

„პირიქით, ამ სახელისუფლებო შტოების ჩართულობით, ძალიან აქტიური თანამშრომლობით და კომპანიასთან პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებით, შეგვიძლია ვთქვათ, საკითხი არის მოგვარებული და გადაწყვეტილი იქნება უახლოეს საათებში“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

ხატია წილოსანის ამ გამოსვლამდე „ქართული ოცნება“ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკრიტიკა, რომელმაც თქვა, რომ შუქრუთელები მარტო არიან შეტოვებული კომპანიას.

„მაინცდამაინც უნდა მოკვდეს რომელიმე მოშიმშილე, რომ მერე სამძიმრის განცხადებები გააკეთოთ? რას ელოდებით? ამ ადამიანებმა ღიად თქვეს, პირის ამოკერვაზე უფრო მტკივენული დუმილია, რომელსაც ვიღებთ ხელისუფლების მხრიდან და ხელებდაბანილი პოზიცია. ეს ადამიანები მარტო არიან შეტოვებული ვითომ კომპანიას, რომელიც მათი ჯანმრთელობით, სიცოცხლით ვაჭრობს, იღებს მილიონებს და ამ ადამიანებს საცხოვრებელი გარემო და სახლები ენგრევათ. ამაზე დღემდე პასუხიმგებლობა არ აუღია არცერთ ოფიციალურ უწყებას. დიახ, ჭიათურაში სახელმწიფო არ არსებობს, გასულია მომსახურებიდან!“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

112 დღეა შუქრუთის მცხოვრებლები უწყვეტ აქციას მართავენ. 29 დღის წინ, პროტესტის სამმა მონაწილემ უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. მოგვიანებით მათ კიდევ ხუთმა ადამიანმა მიბაძა, რომელთაგან სამი ქალია. ისინი მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ, რათა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების გაგრძელება შეძლონ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი+“ მანგანუმს უკონტროლოდ მოიპოვებს, რის გამოც შუქრუთში სახლები ინგრევა, ეზოებში კი თვალუწვდენელი ღრმულები გაჩნდა და იქ ცხოვრება საშიში ან შეუძლებელია.

30 მაისს, პროტესტის მონაწილეებმა კოროხნალის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან გადმოინაცვლეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი მდგომარეობით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ დაინტერესდა. შუქრუთელებმა დახმარება და ხელისუფლებასთან შუამდგომლობა აშშ-ს ელჩს სთხოვეს. ელჩმა კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ მოშიმშილეების წუხილი მოსმენილი და გაგონილი იქნებოდა.

4 ივნისიდან აქციის მონაწილეებს მშრალი შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული, რაც გუშინ, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობისგან დიალოგის შეთავაზების შემდეგ შეწყვიტეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]