weather cur horoscope tv
ივლისი 26, 2021

კობახიძე გახარიას სვანეთის, „ბასიანის“ და პანკისის სპეცოპერაციების გამო აკრიტიკებს

10:04 სამშაბათი, 15 ივნისი 2021 hits 553
ფოტოზე - გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ფოტოზე - გიორგი გახარია პანკისის ხეობაში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში ჩატარებული სპეცოპერაციებით პარტიას პრობლემები შეუქმნა. კობახიძის შეფასებით, სვანეთში, კლუბ ბასიანსა და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციები არსასწორად და მძიმედ იყო დაგეგმილი.

„რაც კი პრობლემები დაუგროვდა „ქართულ ოცნებას“ იმ მცირე მონაკვეთის განმავლობაში, ეს იყო დაახლოებით ერთწლიანი პერიოდი, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული. პირველი იყო, თუ არ ვცდები, მესტიაში, ტყის ჭრას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი.

ისე არასწორად იყო ოპერაცია დაგეგმილი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწია გამოსვლა და საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა ეს ყველაფერი.

შემდეგ იყო „ბასიანი“ და იქაც აბსოლუტურად არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ასევე უნდა გავიხსენოთ ის, რომ შემდგომ ბოდიში მოუხადა და მთელი ამბები იყო.

შემდეგ პანკისი იყო, აბსოლუტურად მძიმედ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ძალიან მძიმე სურათი. ყველას კარგად ახსოვს, რომ პრაქტიკულად შეურაცხყოფა მიაყენებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, გმირ პოლიციელებზე. ეს იყო ძალიან მძიმე.

მთლიანობაში რომ გავიხსენოთ, რაც კი პრობლემა დაგროვდა, ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორად დაგეგმილ, შესრულებულ ოპერაციებს. ეს ან იყო უხეში შეცდომები და არაეფექტური მენეჯმენტი ან ეს იყო გარკვეული გავლენების შედეგი, რაც დანაშაულამდე მიდის. ეს შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული (თეორიულად) ან შეიძლება იყოს პოლიტიკური დანაშაული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო, ხოლო 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 17 თებერვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

2018 წლის 12 მაისს, გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის თვითმხილველების თქმით, კლუბებში ათობით, ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმელი შევარდა. შსს-მ განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ნარკოტიკების 8 რეალიზატორი დააკავეს, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ღამის კლუბების გარეთ, სხვადასხვა ადგილებზე აიყვანეს. სპეცოპერაციას თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომლის მონაწილეებიც მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, საპოლიციო სისტემის და ნარკოპოლიტიკის რეფორმას ითხოვდნენ. 14 მაისს, აქციაზე გიორგი გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის გამო და პირობა დადო, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით ხელისუფლება მუშაობას გააქტიურებდა.

2018 წლის 26 ივლისს, დილით, სვანეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და პოლიცია შევიდნენ. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათი თანამშრომლები ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმებას, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენას ახდენდნენ, რაშიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა. უწყებამ განმარტა, რომ ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანეს საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რის გამოც სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო.

მოსახლეობამ სოფელ ხაიშთან ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა მას შემდეგ გახსნა, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმი გაიყვანეს. ადგილობრივების ნაწილი გზის გახსნის წინააღმდეგი იყო, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გზიდან ჯებირების გატანა გადაწყდა, კვირიკობის დღესასწაული იყო, რომელიც 28 ივლისს აღინიშნება. მოსახლეობა ხე-ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას და სპეცრაზმის შეყვანას, ჰესების მშენებლობის გამო გამართულ აქციებს უკავშირებდა. გარდა ამისა, ისინი ხელისუფლებისგან ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნას ითხოვდნენ, რადგან ხე-ტყე მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

2019 წლის 21 აპრილს, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე ჰესების მშენებლობისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება დილითვე დაიძაბა, თუმცა განიმუხტა მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიას მოადგილე კახა საბანაძემ აქციის მონაწილეებს მოლაპარაკება შესთავაზა. რამდენიმე აქტივისტი თელავში წაიყვანეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად. იმ დროს, როცა მოლაპარაკება ახალი დაწყებული იყო, შსს-მ ხეობაში დამატებითი საპოლიციო ძალები და ტექნიკა შეიყვანა, რასაც აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და მოლაპარაკების მოლოდინში დამშვიდებული ვითარება შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს და დაამტვრიეს შს სამინისტროს მანქანები და ტექნიკა, ასევე ჰესების მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი. საღამოს პანკისში გიორგი გახარია ჩავიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა. ის ადგილობრივებს დაპირდა, რომ ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდებოდა მანამდე, ვიდრე მოსახლეობის უმრავლესობა მშენებლობას არ დათანხმდებოდა. ამის შემდეგ შსს-მ ხეობიდან სპეცრაზმი გაიყვანა.

სამინისტრომ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს, თუმცა პასუხისგებაში არავინ მიუციათ. შსს-ს მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 38 პოლიციელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]