weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

სამოქალაქო კლინიკასთან ბევრად უფრო მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება – კობახიძე

15:50 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021

„ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სააკაშვილი ერთ-ერთი პატიმარია და „სახელმწიფო მას მოეპყრობა ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს“.

„მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე - ეს არის შეგახსენებთ, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და მრავალი სხვა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს მადლობა გადაუხადა, გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის „სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის“.

„რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.

მიზეზი ერთადერთი იყო - სამოქალაქო კლინიკასთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომლის მიხედვითაც ისინი გუშინ მოქმედებდნენ.

ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რადიკალების ახირების გამო, სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და სამართალდამცავების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას“, – თქვა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს, ოპოზიციის აქციის დაწყებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე გადაიყვანეს. პირველი ოქტომბრიდან ის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან იმ დროს გაიყვანეს, როდესაც დედას, გიული ალასანიას და შვილებს უნდა შეხვედროდა. იმის გამო, რომ ციხის ტერიტორიაზე ვერტმფრენი გამოჩნდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ პატიმრის გადაყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გაარკვია, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით განხორციელდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს. ამასთან, უწყებამ გაავრცელა სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის საკნის დატოვების კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, „ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“. ექსპრეზიდენტმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას განმარტა, რომ ის მხოლოდ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.

მოგვიანებით, ციხის საავადმყოფოდან გავრცელებულ წერილში მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მოატყუეს. მისივე თქმით, მე-18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ, კრიმინალების გინების ფონზე გადმოიყვანეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში. როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, მას ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ხელმძღვანელმა, უთხრა: „აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში“. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამავე პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. ლომჯარია იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი.

სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ექსპრეზიდენტი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია კიდევ 4 საქმეზე, რომლებზეც სასამართლოში განხილვები არ არის დასრულებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]