weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ბრეგაძე ფოტიგას სთხოვს განმარტოს რას გულისხმობდა ტერმინში „პოლიტიკური პატიმრები“

18:27 შაბათი, 13 ნოემბერი 2021

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უპასუხა ევროპარლამენტრ ანა ფოტიგას წერილს, რომლითაც ის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვას ითხოვდა. ბრეგაძე ფოტიგას სთხოვს განმარტოს, რას გულისხმობდა წერილში ნახსენებ ტერმინში „პოლიტიკური პატიმრები“.

იუსტიციის სამინისტრომ ანა ფოტიგას წერილიც გამოაქვეყნა, რომელიც 9 ნოემბრით თარიღდება. მასში ევროპარლამენტარი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და N18 დაწესებულების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, სურდა მიხეილ სააკაშვილთან პირადად შეხვედრა და მისი მდგომარეობის შეფასება. ფოტიგა ასევე წერს, რომ მრავალი წელია, საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს აკვირდება და ქვეყანაში მრავალჯერ ყოფილა.

„წარსულში მომითხოვია ყოფილ პოლიტიკურ პატიმრებთან შესვლა და ყოველთვის მოუციათ ნებართვა, რაც იყო საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნებისა და გამჭვირვალობის ნიშანი. იმედი მაქვს, ეს სტანდარტები დაცული იქნება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაშიც“, – ნათქვამია ფოტიგას წერილში.

იუსტიციის მინისტმა მას უპასუხა, რომ მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ყველა უფლებით, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული.

რატი ბრეგაძის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები.

„თქვენს წერილში ახსენებთ წარსულში თქვენს ვიზიტებს „პოლიტიკური პატიმრების“ მოსანახულებლად. მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ სხვა რომელიმე ავტორიტეტულ ინსტიტუტს ასეთად არ მიუჩნევია არცერთი პატიმარი საქართველოში“, – ნათქვამია რატი ბრეგაძის 12 ნოემბრის წერილში.

ევროპარლამენტარი და პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს ჩამოვიდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილთა შესვლის ნებართვა ვერ მიიღო. დღეს მან განაცხადა, რომ სააკაშვილთან შესვლაზე უარი ეთქვა. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ანა ფოტიგამ შეხვედრები გამართა მიხეილ სააკაშვილის დედასთან, მის პირად ექიმთან და ადვოკატებთან. ასევე შეხვდა სახალხო დამცველს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ფოტიგამ ელენე ხოშტარიაც მოინახულა, რომელიც 11 დღეა შიმშილობს მიხილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა და ამით მხოლოდ „ჩვენი საერთო მტერი“ ხეირობს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ისევე როგორც ელენე ხოშტარიას მდგომარეობით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სოლდარობის ნიშნად შიმშილობს. უკიდურესად შეშფოთებულია პირობებით, რომელშიც ის იმყოფება“,  – დაწერა Twitter-ზე ფოტიგამ.

გასულ წლებში ანა ფოტიგა საქართველოში ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას ციხეში მოსანახულებლადაც იმყოფებოდა.

 

ამ თემაზე:

„ციხეში ევროპარლამენტარის არ შეშვება გზავნილია, რომ ხელისუფლება ევროპას კარს უხურავს“

ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია – სუბარი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]