weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

პარლამენტში ჩემი მხარდამჭერების რაოდენობა აბსოლუტურად მზარდი იყო – კალანდარიშვილი

17:52 ორშაბათი, 08 აგვისტო 2022

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ის და კომისიის კიდევ ორი მოქმედი წევრი ასარჩევად პარლამენტს აღარ წარუდგინა.

„ფაქტობრივად გამართლდა ჩვენი მოლოდინი იმის თაობაზე, რომ ამ ყველაფრის მიღმა იდგა პოლიტიკური მოტივი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც, პირველ რიგში,  ინსტიტუციას აყენებს პოლიტიკური დარტყმების ქვეშ“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ კალანდარიშვილმა.

ცესკოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის თქმით, მისთვის მიუღებელია ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო.  

„დასახელდა პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობა კანდიდატთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც ზოგადად კონსენსუსის საკითხი უკვე საკანონმდებლო ორგანოს ნაწილია და იქ წყდება, იქ მიიღება ასეთი ტიპის გადაწყვეტილება; მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ

ჩემს შემთხვევაში მხარდამჭეთა რაოდენობა, დინამიკაში თუ შევხედავთ, აბსოლუტურად მზარდი იყო და მეორე არჩევისას, უკვე მრავალპარტიული მხარდაჭერა მქონდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, აპელირება იმაზე, რომ პოლიტიკური კონსენსუსი არ იარსებებდა, ბუნებრივია, მოკლებულია საფუძველს.

მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი პოლიტიკური ზეწოლისა, წნეხისა იმის თაობაზე, რომ ეს შესარჩევი კონკურსი, ეს პროცესი შეჩერებულიყო და ჩავარდნილიყო, რომ თითქოს ის ატარებდა ფორმალურ ხასიათს. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ასეთი ტიპის ზეწოლებსაც ჰქონდა გავლენა“, – ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ქრისტინე ქაჯაია და ლევან ისაკაძე. ცესკოს წევრის მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდა, რადგან საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულმა გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანმა, რომლებიც ცესკოს მოქმედი წევრები არიან, პრეზიდენტის მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის არ წარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს მისი პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას.

„ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისთვის არ წარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა ხუთი წლის ვადით ასარჩევად.

 ცესკო-ს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ ექვსი თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადეს ადმინისტრაციაში.

გიორგი კალანდარიშვილს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორ წევრს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურებათ. კალანდარიშვილს თანამდებობის დაკავება მესამე ვადით სურდა. წინა ორ შემთხვევაში ის პარლამენტმა მხოლოდ 6-6-თვიანი ვადებით აირჩია, რადგან სრული შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის ხმა ვერ მიიღო, რაც 5 წლის ვადით ასარჩევად არის საჭირო. 2021 წლის აგვისტოში კალანდარიშვილს 83 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ხოლო 2022 წლის თებერვალში – 84-მა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]