weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

სკრიპალების საქმეზე გასაძევებელი დიპლომატების სია რუსეთთან შეთანხმდა – გოგაშვილი

17:16 ორშაბათი, 05 სექტემბერი 2022
ipn.ge-ის ფოტო ipn.ge-ის ფოტო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, იოსებ გოგაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი „რუსი დიპლომატი“ ქვეყნიდან რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით გააძევა. ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილში გოგაშვილი 2018 წლის მარტის მოვლენებს ეხმაურება.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები მუშაობდნენ, რომელთა ათკაციანი სია მოსკოვში შესათანხმებლად გადაიგზავნა.

„ალბათ ყველას გახსოვთ, დიდ ბრიტანეთში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სკრიპალების „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ამბავი. მაშინ მთელი მსოფლიოს ცივილიზებულმა თანამეგობრობამ გადაწყვიტა, მკაცრი პასუხი გაეცა რუსეთისთვის. სოლიდარობის ნიშნად მათ რუსეთის საელჩოებში დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტები გააძევეს ქვეყნიდან. მოლაპარაკებების შედეგად საქართველომაც გადაწყვიტა ე.წ. სოლოდარობის აქციაში ჩართვა.

პირადად მე დამევალა სია იმ სპეცაგენტების, რომლებიც მუშაობდნენ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში. გავაკეთეთ 10-კაციანი სია („ფსბ“, „გრუ“ და „ევრ“) დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტების, რომელიც გადავეცი გომელაურს, რათა გადაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა სია შესათანხმებლად ჯერ მოსკოვში გადაიგზავნა.

იქიდან გადმოგვცეს მხოლოდ ერთი ქალბატონის მონაცემები, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იყო. ის მუშაობდა საელჩოში, მაგრამ არ იყო კავშირში სპეცსამსახურებთან და არ ჰქონდა დიპლომატის სტატუსი, იყო რიგითი თანამშრომელი. ჩვენი გადაგზავნილი სია გაგვიუქმეს, ჩვენმა რუსმა „ქოცებმა“, „შეგვაქეს“ კარგი მუშაობისთვის და გვითხრეს, რომ გაგვეძევებინა ეს ქალბატონი. თავის მხრივ რუსეთმა გამოგვიძევა ნამდვილი დიპლომატი. თქვენი უცხოელი პარტნიორები მიხვდნენ ამ სამარცხვინო ნაბიჯის მიზეზს, მაგრამ ხმამაღლა რეაგირება, ბუნებრივია, ამაზე არ მომხდარა“, – აცხადებს გოგაშვილი.

იოსებ გოგაშვილი „ქართულ ოცნებას“ რუსულ პარტიას უწოდებს და ამბობს, რომ „ჩვენი სპეცსამსახურების ოკუპანტ რუსებთან კოლაბორაციის მაგალითებს“ კიდევ გაასაჯაროებს.

იოსებ გოგაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოდგილედ 2015 წლიდან მუშაობდა. სამსახურის უფროსი შინაგან საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი ვახტანგ გომელაური იყო. 2018 წლის აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მან თანამდებობა დატოვა. იმავე წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრი იყო. 2020 წელს გოგაშვილი სახელისუფლებო პარტიიდან წავიდა და 2021 წლის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“ დააფუძნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების 2022 წლის 16 ივლისს დააკავეს, რასაც წინ უძღოდა გოგაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნდა, რომლებიც უკვე გადაცემული ჰქონდა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.

პროკურატურა გოგაშვილს ბრალს სდებს, რომ წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. იოსებ გოგაშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]