მცხეთის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ასევე მოითხოვეს თიანეთის მე–19 საარჩევნო ოლქმა, „ქართულმა ოცნებამ“ და ლელა ქიტესაშვილმა.
25 ოქტომბერს მოსამართლე კობა გოცირიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ საჩივარი - გაუქმდა თიანეთის N19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მე–20 საარჩევნო უბანზე გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, სადაც ორგანიზაცია მე–20 უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას და ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვდა.
მცხეთის სასამართლოში ალტერნატიული სარჩელი ჰქონდა შეტანილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, რომელიც მოითხოვდა, გაუქმებულიყო საოლქო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მე–20 საარჩევნო უბანზე გაბათილებული ბიულეტენების გახსნა და მათგან 5 ბათილად ცნობილი ბიულეტენის „გაცოცხლება“ მოხდა, რამაც გავლენა მოახდინა პროცესზე.
საია–ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მათ საეჭვოდ მიაჩნდათ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ სასარჩელო მოთხვნა მე–20 უბანზე მერის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე. ნაცვლიშვილის თქმით, ცენტრის დამკვირვებელი 21 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, თუმცა არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებია მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. „ეს ორგანიზაციაც აყენებს სრულიად არასწორ, დაუსაბუთებელ მოთხოვნას, რომ ამ უბნის შედეგები გამოცხადდეს ბათილად“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
კენჭისყრის შედეგების პირვანდელი მონაცემებით, ლელა ქიტესაშვილს 3076 ხმა ჰქონდა, თამაზ მეჭიაურს კი 3077, ხოლო მოგვიანებით საოლქო კომისიამ ბათილად მიჩნეული 24 ბიულეტენიდან 5 ბიულეტენი „გააცოცხლა“ და 5 ხმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნა.