„ჩვენ ახლა კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ, რომ საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი გამოსწორდეს, რომ ის ბრალდებები, რაც გაისმა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, იქნას ადეკვატურად პასუხგაცემული როგორც ქვეყნის შიგნით, და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ მოქალაქეებთან პასუხის გაცემაა, ასევე ქვეყნის გარეთ.
სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაქრა ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდა. მთელი საზოგადოება, ბავშვს რომ ფოკუსს აჩვენებენ, ვზივართ და უნდა მოვიფიქროთ, როგორ ხდება ასეთი რამ, რომ ადამიანი „ა“ პუნქტში ქრება, „ბ“ პუნქტში ჩნდება. არვიცი, ვის უნდა ვკითხოთ, კოპერფილდს თუ ვადაჭკორიას, რანაირად შეიძლება მოხდეს „ა“ პუნქტიდან ადამიანის გაქრობა და „ბ“ პუნქტში გაჩენა. ამასთან დაკავშირებით თურმე მშვიდად უნდა დაველოდოთ ამ პროცესებს, როგორ განვითარდება. სახელმწიფოს იმიჯი ილახება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი მას ბაქოში მიაკვლიეს. ჟურნალისტის ადვოკატები და მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა აცხადებენ, რომ ის თბილისიდან ქართულად მოსაუბრე ორმა ადამიანმა გაიტაცა და შემდეგ აზერბაიჯანულად მოსაუბრე პირებს გადასცეს.
აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, „აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე იქნა დაკავებული მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ჩხრეკის დროს დიდი მას ოდენობით ფული აღმოუჩინეს“.
31 მაისს, ბაქოს სასამართლომ აფგან მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად კონტრაბანდა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ედება. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს მუხთარლის აზერბაიჯანელმა ადვოკატებმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უარყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახისა და ადვოკატების ვერსია საქმესთან საქართველოს სამართალდამცავი უწყებების შესაძლო კავშირის შესახებ.
31 მაისს საქართველოს შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
1–ელ ივნისს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება მისთვის მიუღებელია.
„არავის გაუჩნდეს ეჭვი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არ არის დაცული და რაიმე ისეთი ხდება, რაზეც მიმდინარეობს ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულაციები - თითქოს გადაცემა მოხდა და ა.შ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.