weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევრო 2020: შესარჩევი ციკლის დრამატული დღე

11:48 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

საქართველოს ნაკრების მატჩის პარალელურად ევროპის საფეხბურთო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან რამდენიმეში უხვგოლიანი, საინტერესო და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

D ჯგუფში, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი გამოდის, ორი ფავორიტი გუნდი ბაზელის „სანკტ-იკობ პარკზე“ შეხვდნენ. შვეიცარიამ პირველი ტაიმი „ატალანტელი“ რემო ფროილერის გოლით მოიგო. მასპინძლები თამაშს აკონტროლებდნენ, დანიელებს კი არაფერი გამოსდიოდათ. მეორე ნახევრის ათწუთიან მონაკვეთში შვეიცარიამ კიდევ ორი გოლი გაიტანა (გრანიტ ჯაკა, ბრილ ემბოლო) კასპერ შმაიხელის კარში და საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე საქმე მოთავებულად ჩათვალა, თუმცა დარჩენილ დროში ნორვეგიელი ოგე ჰარეიდეს დამოძღვრილმა იუტლანდიელებმა სასწაული მოახდინეს: 84-ე, 88-ე და მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე სამი გოლი გაიტანეს და ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს გამარჯვება არ დაანებეს.

D ჯგუფი:

ირლანდია 1:0 საქართველო

შვეიცარია 3:3 დანია

ანალოგიური შედეგით დასრულდა სკანდინავიელთა დრამატული ჯახი ოსლოს „ულევოლზე“, სადაც შვედი ერიკ ჰამრენის გაწვრთნილი ნორვეგია მშვიდად უგებდა შვედეთის სტაბილურ და ძლიერ ნაკრებს. მასპინძლებმა ჯერ ტაიმის მიწურულს გაიტანეს, შემდეგ კი - მეორე ნახევარში 59-ე წუთზე. 70-ე წუთზე „კრასნოდარელმა“ ვიქტორ კლაესონმა სხვაობა შეამცირა, რომელმაც კაპიტან ანდრეას გრანკვისტის გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანს საგოლედ დაამატა. შვედებმა მოუმატეს და არათუ გაათანაბრეს, არამედ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში წინაც გავიდნენ, თუმცა მასპინძელმა ნორვეგიამ იმავე დამატებულ წუთებზე გააყაიმა და პრინციპული დაპირისპირებაც დრედ დასრულდა. ამავე ქვეჯგუფის ლიდერმა ესპანეთმა სტუმრად მალტა ალვარო მორატას დუბლით დაამარცხა, რომელმაც კუნძულელებს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა: ერთი - ფეხით, ერთი - თავით.

F ჯგუფი:

მალტა 0:2 ესპანეთი

ნორვეგია 3:3 შვედეთი

რუმინეთი 4:1 ფარერის კუნძულები

პრინციპული შეხვედრა შედგა ბოსნიის ქალაქ ზენიცაში, სადაც ერთმანეთს უშუალო კონკურენტები, ბოსნია-ჰერეცეგოვინა და საბერძნეთი შეხვდნენ. მოვლენები აქაც დრამატულად განვითარდა: 15 წუთის თავზე მასპინძლები უკვე ორი ბურთით იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში უპირატესობა ქარს გაატანეს, რაშიც ისევ და ისევ თავად არიან დამნაშავეები. ბერძნებმა ჯერ პენალტი გაიტანეს, რასაც მეორე გოლის ავტორ მირალემ პიანიჩის გაძევება მოყვა, შემდეგ კი კაცნაკლულმა ბოსნიელებმა ფინიშისკენ მეორე გოლიც მიიღეს და უაღრესად საჭირო ქულები დაკარგეს. პარმაში დიდი ანგარიშით მოიგო იტალიის ნაკრებმა უსუსტეს ლიხტენშტაინთან. „სკვადრა აძურას“ რიგებში ორი გატანილი პენალტით გამოირჩა ფაბიო კვალიარელა, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურით 2010 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. ვეტერანი თავდამსხმელი საინტერესო მიღწევის ავტორიც გახდა - 36 წლის ასაკში იგი ყველაზე ხანდაზმული იტალიელი ფეხბურთელია, რომელსაც ნაკრების რიგებში თავი გამოუჩენია. სხვა მხრივ აღსანიშნავია მარკო ვერატისა და მოიზე კინის გოლები, „კალიარის“ 30 წლის ფორვარდის, ლეონარდო პავოლეტის სადებიუტო გოლი სადებიუტო სანაკრებო მატჩში და „სასუოლოელი“ სტეფანო სენსის ასევე სადებიუტო გოლი.

J ჯგუფი:

ბოსნია & ჰერცეგოვია 2:2 საბერძნეთი

იტალია 6:0 ლიხტენშტაინი

სომხეთი 0:2 ფინეთი

 

ამ თემაზე:

ევრო 2020: საკვალიფიკაციო ეტაპმა სტარტი აიღო

ევროპის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩები გაიმართა

„ჯვაროსნები“ შვეიცარიასთან დამარცხდნენ

გერმანიამ ჰოლანდიას რევანში აუღო

შეუჩერებელი ინგლისი და საფრანგეთი უხვგოლიან გამარჯვებებს აგრძელებენ

„ჯვაროსნები“ ირლანდიასთან მეცხრედ დამარცხდნენ

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]