„ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, პანიკის მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, საბჭოს სხდომაზე განსახილველი პირველი საკითხი აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება იყო. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მთავრობა სრული დეესკალაციისთვის მუშაობს.
„ვიცით ყველაფერი. მზად ვართ ყველაფრისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან, დიპლომატებთან და ჩვენს სამხედროებთან ერთად. ისინი საუკეთესოები არიან, ჩვენ გვიცავენ, ჩვენ კი ისინი უნდა დავიცვათ, უნდა ვიყოთ მშივდად და არ ვიყვიროთ „ყველაფერი დაკარგულია“, – თქვა ზელენსკიმ.
2021 წლის ბოლოსთვის, მოკლე დროში, რუსეთმა უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ თავისი სამხედრო ტექნიკასა და ჯარისკაცებს მოუყარა თავი. გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო რეგიონებში 100 ათასამდე რუსი სამხედრო იდგა. 19 იანვარს, კიევში ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთს სამხედროების რაოდენობა გაორმაგებინა.
რუსეთის ხელისუფლება თავისი ძალების რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და აცხადებს, რომ სრული უფლება აქვს, საკუთარ ტერიტორიაზე ჯარები განალაგოს.
ორი დღის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების გაყვანა დაიწყო, ხოლო თანამშრომლებს ნება მისცა, ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვონ. გარდა ამისა, აშშ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, იქ მყოფებმა კი ქვეყნის დატოვებაზე იზრუნონ, რადგან ვითარება არაპროგნოზირებადია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც „ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის გამოვლინება“.
„რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხესთან“ დაკავშირებით, უკრაინიდან საკუთარი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების ნაწილის გაყვანა გადაწყვიტა დიდმა ბრიტანეთმაც.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება და ვლადიმერ პუტინი მიიღებს სანქციებს, რომლის მსგავსი არასდროს უნახავს.