weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„2022 წელს 1937 ვერ იქნება“ – კულტურის სამინისტროსთან წულუკიანის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

16:40 პარასკევი, 21 იანვარი 2022

თბილისში, კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მინისტრ თეა წულუკიანის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები გააპროტესტეს. აქციაში სამინისტროს დაქვემდებარებული სხვადასხვა დაწესებულებებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და აქტივისტები მონაწილეობდნენ. 

„ჩვენ ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ 2022 წელს 1937 ვერ იქნება – სხვადასხვა ეპოქაა, სხვადასხვა ადამიანები ვართ. ის მოკლევადიანი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხობს სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლებას, ჩავთვალოთ, რომ მოცემულობაა, მაგრამ ჩვენი, საზოგადოების ვალია, რომ ეს მოცემულობა შევცვალოთ. ეს არ არის მხოლოდ დარგის სპეციალისტების თემა, ეს არის მთელი საზოგადოების პრობლემა და მთელმა საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რეალობა შეიცვალოს, გადარჩეს ის მემკვიდრობა, რასაც ხელოვნების მუზეუმი ჰქვია, გადარჩნენ ის ადამიანები, ვინც მიზერული ხელფასის სანაცვლოდ მუშაობდნენ და ეს ერთადერთი ფინანსური წყაროც მოუსპეს. წულუკიანი ვერ იქნება ბერია და ჩვენ ვერ ვიქნებით დახვრეტილი საზოგადოება“, – განაცხადა „ტფილისის ჰამქრის“ წევრმა, ცირა ელისაშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში.

აქციაზე იმყოფებოდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყოფილი უფროსი კურატორი ნანა ბურჭულაძე.

„კომპეტენციის დამდგენმა კომისიამ ორი ოქმის საფუძველზე (რა წერია იმ ოქმებში, ჩემთვის უცნობია) მიიღო გადაწყვეტილება გამათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან, იმ საქმიდან, რომელსაც ვემსახურები 47 წლის განმავლობაში და კიდევ შემეძლო მემუშავა და ბევრი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა. როგორც ჩანს, ეს არ აწყობს ქალბატონ მინისტრს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველის, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძის თქმით, კომპეტენციის დამდგენი კომისია, რომელიც თანამშრომლებს ათავისუფლებს, იურისტებისგან შედგება.

„მათ არ შეუძლიათ შეაფასონ მუზეუმის თანამშრომლების კომპეტენცია. ეს არც არასდროს ყოფილა მათი მიზანი – ადამიანების გათავისუფლება მიდის წინასწარ შედგენილი სიით და ამ სიაში შედის ყველა ის ადამიანი, რომელიც სოლიდარული იყო ეროვნული მუზეუმის იდეის. ვაპროტეტსებთ კულტურის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია კულტურის დაპატიმრებისა და მისი მოსპობისკენ“, – აღნიშნა ეკა კიკნაძემ.

თანამშრომლების გათავისუფლებას განსხვავებული აზრის გამო დევნად და დისკრიმინაციად აფასებს იურისტი, საინიციატივო ჯგუფ „ხელოვნების მუზეუმისთვის“ წევრი სულხან სალაძე. 

„ხელოვნების მუზეუმში არანაირი რეორგანიზაცია არ ყოფილა. ეს იყო დაგეგმილი პროცესი, რომელიც გამოიყენეს იმისთვის, რომ არასასურველი კადრები გაეთავისუფლებინათ. გაათავისუფლეს ადამიანები, რომელთაც ხელოვნების მუზეუმი დღემდე მოიტანეს.

ჩვენ ვიცით მინიმუმ 8 ადამიანი, ვისაც გასულ წელს, ხელოვნების მუზეუმის მხარდამჭერ აქციაზე ხელი აქვს მოწერილი ორ პეტიციაზე და დღეს ისინი აღარ მუშაობენ ხელოვნების მუზეუმში“, – განაცხადა სალაძემ.

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს არა მხოლოდ ეროვნული მუზეუმის და ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები, არამედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული 36 ადამიანიც. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებებში 70-მდე დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა. ორგანიზაციაც მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტრო განსხვავებული მოსაზრებების გამო საკადრო წმენდას ახორციელებს. 

ამის პარალელურად, კულტურის სამინისტრო გეგმავს ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორთან, ლაშა ბაქრაძესთან „სერიოზულად განიხილოს“ წიგნის გამოცემისას დაშვებული შეცდომა.

თეა წულუკიანის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ელექტრონული პეტიციაა შექმნილი, რომელსაც ამ დროისთვის 1471 ხელმოწერა აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]