weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოსკარების დაჯილდოვება „წყლის ფორმის“ გამარჯვებით დასრულდა

10:12 ორშაბათი, 05 მარტი 2018

ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გამართული ამერიკის კინოაკადემიის რიგით 90-ე დაჯილდოება მექსიკელი რეჟისორის, გილერმო დელ ტოროს ფილმის, „წყლის ფორმის“ (The Shape of Water) გამარჯვებით დასრულდა. ფანტასტიკურმა მელოდრამამ, რომელსაც წლევანდელ ოსკარებზე ყველაზე მეტი, 13 ნომინაცია ჰქონდა, ყველაზე მეტი, 4 ჯილდოს მოპოვება შეძლო.

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორ ფილმს მხატვრული გაფორმებისთვის, მუსიკისთვის, რეჟისურისა და რაც მთავარია, 2017 წლის საუკეთესო სურათისთვის განკუთვნილი ოსკარები ერგო. გილერმო დელ ტოროს ფილმს მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლაში რეჟისორ მარტინ მაკდონაჰის სოციალური დრამა (Three Billboards Outside Ebbing, Missouri) ეცილებოდა.

ზოგადად დაჯილდოებამ ნომინაციებში გამარჯვებულთა კუთხით, ყოველგვარი სიურპრიზების გარეშე ჩაიარა და ყველა დაანონსებულმა და პროგნოზირებადმა ფილმმა თუ მსახიობმა შეძლო ოსკარის მოპოვება.

რაც შეეხება თავად შოუს, რასობრივ, ეთნიკურ და გენდერული მრავალფეროვნებით გამორჩეულ ცერემონიაზე, რომელსაც გასული წლის მსგავსად, ცნობილი კომიკოსი და ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი უძღვებოდა, მრავლად იყო პოლიტიკური გზავნილები შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკისა და ჰოლივუდის ბოლო პერიოდის სკანდალების საპასუხოდ.

2017 წლის სრულმეტრაჟიან ფილმთა კატეგორიებში გამარჯვებულ ფილმთა სია, მცირე კომენტარებით, ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი - Shape of Water: უორენ ბიტისა და ფეი დანაუეის, გასულ წელს მომხდარი სკანდალისგან განსხვავებით, შეცდომა აღარ დაუშვიათ და წლის ფილმის წოდებაც 60-იანი წლების ცივი ომის ფონზე შექმნილი უცნაური სიყვარულის ისტორიას ერგო, გილერმო დელ ტორომ კი პროდიუსერის ამპლუაშიც შეძლო ოსკარის მოპოვება.

საუკეთესო რეჟისორი - გილერმო დელ ტორო (Shape of Water): აღნიშნულ კატეგორიაში მექსიკელი სცენარისტი და რეჟისორი პრაქტიკულად უკონკურენტო იყო.

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი - გარი ოლდმენი (Darkest Hour): 60 წლის ბრიტანელმა ვარსკვლავმა, რომელმაც საკუთარ მდიდარ ფილმოგრაფიაში არაერთი დაუვიწყარი კინოგმირი შექმნა, კინოაკადემიის ჯილდო მეორე ცდით აიღო. პირველად იგი 2011 წლის ჯაშუშური თრილერით (Tinker Taylor Soldier Spy) იყო ოსკარზე ნომინირებული, წელს კი უინსტონ ჩერჩილის როლის შესრულებისთვის გაწეული გარჯა დაუფასდა.

საუკეთესო ქალი მსახიობი - ფრენსის მაკდორმანდი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri): ბოლო წუთამდე არსებობდა ინტრიგა - შეძლებდა თუ არა სალო ჰოუკინსი ანდა ახალგაზრდა სირშა რონანი უკვე ოსკაროსანი მსახიობისთვის მეორე ჯილდოს „წართმევას“, თუმცა მაკდორმანდი იმდენად გამოკვეთილი ფავორიტი იყო, რომ კონკურენტები ვერ შეეცილნენ და „ფარგოსთვის“ (1996) მიღებულ ოსკარს წლევანდელი ჯილდოც მიამატა.

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში - სემ როკველი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri): საკმაოდ ღირსეულ ნომინანტებში მოქცეული მსახიობი საყოველთაო მოსაზრებით, სრულიად დამსახურებულად დაჯილდოვდა.

საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში - ელისონ ჯენი (I, Tonya): ისევე როგორც სხვა სამსახიობო კატეგორიებში, ქალის მეორე პლანის მსახიობთა შორისაც თითქმის წინასწარ იყო გარკვეული გამარჯვებულის ვინაობა. ბიოგრაფიულ სურათში შესრულებული პრობლემატური მშობლის როლი კინოაკადემიამ საუკეთესოდ სცნო.

საუკეთესო ორიგინალი სცენარი - ჯორდან პილი (Get Out): ოსკარისთვის აქ ძირითადად ორი ნომინანტი ეცილებოდა ერთმანეთს. ოქროს გლობუსი თუ მარტინ მაკდონაჰს ერგო, კინოაკადემიამ ამერიკისთვის აქტუალურ თემებზე (რასიზმი, დისკრიმინაცია, Interracial Dating, The West Wing Liberalism, NLP) შექმნილი ფსიქილოგიური თრილერისთვის ჯორდან პილის სადებიუტო ნაშრომი დააფასა.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ჯეიმს აივორი (Call Me by Your Name): გახმაურებული ლგბტ თემატიკის ფილმმა საბოლოოდ მხოლოდ ერთი ჯილდო მიიღო, რითაც ჯეიმს აივორი გამოარჩიეს და იგი ყველაზე ასაკოვანი ოსკაროსანი გახდა. 89 წლის სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი, რომელიც დრამატულ რომანებზე დაფუძნებული, კოსტიუმირებული ე.წ. Period Drama ფილმებითაა დღემდე ცნობილი, აქამდე ოსკარებზე დეკადების წინ, საუკეთესო რეჟისურისთვის სამჯერ (A Room with a View, Howard’s End, The Remains of the Day) იყო წარდგენილი.

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის - ალექსანდრ დეპლა (The Shape of Water): ცხრაგზის ნომინანტმა ფრანგმა კომპოზიტორმა იმდენად ლამაზი მუსიკალური თემა დაწერა, რომ მეორე ოსკარის მოპოვებაში გენიოსად მიჩნეული ჯონ უილიამსი (სარეკორდო 51-ე ნომინაცია), აღიარებული ჰანს ციმერი, პოპულარული მუსიკოსი ჯონი გრინვუდი და კარტერ ბარუელი ვერ შეეცილნენ. კინოაკადემიამ იგი პირველად უეს ანდერსონის კომედიისთვის (The Grand Budapest Hotel) დააჯილდოვა.

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის - რობერტ ლოპესი & კრისტენ ანდერსონ-ლოპესი - "Remember Me" (Coco): დუეტისთვის ეს რიგით მეორე ოსკარია, მეუღლე წყვილმა კინოაკადემიის პირველი ჯილდო სიმღერისთვის “Let It Go” (Frozen) მოიპოვა.

საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი - როჯერ დიკინსი (Blade Runner 2049): ასრულდა უამრავი კინომოყვარულის ოცნება და გამოცდილმა მთავარმა ოპერატორმა ნანატრი ოსკარი მართლაც შთამბეჭდავი ნამუშევრისთვის მოიპოვა. საოცარი ვიზუალის მქონე ფილმი როჯერ დიკინსისთვის მე-14 ნომინაცია იყო.

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი - მარკ ბრიჯესი (Phantom Thread): 50-იანი წლების ლონდონური მაღალი მოდისთვის შექმნილი გარდერობი მარკ ბრიჯესისთვის მეორე ოსკარის მომტანი აღმოჩნდა, პირველად იგი მიშელ ჰაზანავიჩუსის შავ-თეთრი სურათისთვის (The Artist) აღიარეს.

საუკეთესო მხატვრული გაფორმება - The Shape of Water: ფილმის მხატვარ-დეკორატორთა ტრიოს Blade Runner 2049-ის დიზაინერების სახით ძლიერი კონკურენტი ჰყავდა, თუმცა გილერმო დელ ტოროს ფილმში შექმნილი ატმოსფერო და ანტურაჟი მართლაც საუკეთესო იყო.

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა - Darkest Hour: აღნიშნული ნომინაცია ერთადერთია, სადაც სხვებისგან განსხვავებით, მხოლოდ სამი ფილმია წარდგენილი. უინსტონ ჩერჩილის გარეგნობისთვის დამახასიათებელი გრიმი კი დანარჩენ ორ ნომინანტზე უკეთესი გამოდგა.

საუკეთესო მონტაჟი - Dunkirk: გამოცდილმა ლი სმიტმა მესამე ცდით შეძლო ოსკარის მოპოვება. „დიუნკერკის“ გამარჯვება ფილმის მთავარმა საუკეთესო მხარემ, დროში მანიპულირებამ და კადრების განსაკუთრებულმა ცვლამ განაპირობა.

საუკეთესო ხმის მონტაჟი - Dunkirk: ზოგადად ტექნიკურ ნომინაციებში ხშირად იმარჯვებს ქრისტოფერ ნოლანის ფილმები, გამონაკლისი არც 2017 წლის ნამუშევარი იყო. ხმის მემონტაჟე რიჩარდ კინგმა მეოთხე ჯილდო აიღო, ამათგან სამი ნოლანის ფილმებიდან - The Dark Knight, Inception, Dunkirk.

საუკეთესო ხმის ეფექტები - Dunkirk: მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ხმებზე მომუშავე ჯგუფის დაჯილდოვებით ძველი ტრადიცია აღდგა, როდესაც ხმის ორ კატეგორიაში ერთი და იგივე ფილმი იმარჯვებდა.

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - Blade Runner 2049: კინოაკადემიამ მესამედ გააწბილა ჭკვიან მაიმუნებზე შექმნილი სამეცნიერო ფანტასტიკა „მაიმუნების პლანეტის“ კინოსერიები, სადაც პრიმატები ე.წ. Motion Capture ტექნოლოგიითაა შექმნილი. სამაგიეროდ დენი ვილნევის უდავოდ გამორჩეული სპეცეფექტების მქონე ნეო-ნუარი დაჯილდოვდა.

საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Coco: სტუდია „პიქსარის“ პროდუქცია იმდენად გამორჩეული ფავორიტი იყო, რომ დანარჩენი ოთხი ნომინანტი მექსიკური ფანტასტიკური ისტორიის ფონზე საკმაოდ სუსტი ჩანდა. რეჟისორმა ლი ანკრიჩმა მეორედ შეძლო ამ კატეგორიაში გამარჯვება, პირველად იგი „სათამაშოების ისტორია 3“-ისთვის დაჯილდოვდა.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Icarus: აქ ბევრი შესაძლოა აღიარებული ქალი რეჟისორის, 89 წლის ანიეს ვარდას გამარჯვებას ელოდა, თუმცა კინოაკადემიამ რუსეთის დოპინგ-სკანდალზე შექმნილი დოკუმენტური ნამუშევარი გამოარჩია.

საუკეთესო უცხოური ფილმი - The Fantastic Woman / Una mujer fantástica (ჩილე, რეჟ. სებასტიან ლელიო): ჩილეურმა ფილმმა პირველად შეძლო უცხოური ფილმის კატეგორიაში გამარჯვება, ხსენებული ქვეყნიდან აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო ფილმი ნომინირებული (No, რეჟ. პაბლო ლარაინი, 2012 წ.). ტრანსგენდერის ქალის შესახებ არსებულმა დრამამ ოსკარამდე რამდენიმე კინოჯილდო, მათ შორის ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]