შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს, გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა და მოქალაქეების დაკავება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკების 8 რეალიზატორი. სპეცოპერაციის შედეგად კლუბებიდან გამოყრილი ახალგაზრდები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. პოლიციამ 20-დე ახალგაზრდა ადმინისტრაციული წესით დააკავა. შს სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ისინი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება.