weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

მაქვს მოლოდინი, რომ პანსიონში მონიტორინგის ჩატარებას შევძლებთ – ლომჯარია

16:32 სამშაბათი, 15 ივნისი 2021

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში შესვლას აანონსებს. როგორც ის ამბობს, პანსიონში მონიტორინგის ჩატარების გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ უახლოეს დღეებში დაწესებულებიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი შეჩერდება ან აქტიურად აღარ წარიმართება.

„ვინაიდან ჩვენს გამო ძალიან სერიოზული წნეხი და ზეწოლა ხორციელდებოდა ბავშვებზე, ისინი საკმაოდ სტრესულ გარემოში იმოფებიან, ვინაიდან ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში მათთან იმყოფებიან სოციალური მუშაკები, ჩვენ არ გვინდოდა, რომ მათთვის დამატებით შეგვექმნა დაძაბული და სტრესული გარემო, ამიტომ, თავს ვიკავებდით კიდევ ერთი ვიზიტის განხორციელებისგან.

თუმცა, თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანა, მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მონიტორინგი განვახორციელოთ.

ამ წუთას ჩემი მონიტორინგის ჯგუფი აჭარაში იმყოფება და სხვა ბავშვთა დაწესებულებებს ამონიტორინგებს. როდესაც ისინი დაბრუნდებიან, ვითარებას შევაფასებთ და ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე დავგეგმავთ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ პანსიონის ახალი ხელმძღვანელობა მონიტორინგს „ძალიან სწორად შეხვდება“.

„რა თქმა უნდა, მათაც გავესაუბრებით. ასევე, თუ საპატრიარქოს წარმომადგენლებს აქვთ სახალხო დამცველთან შეხვედრის სურვილი, ჩვენ ღია ვართ მათთან სასაუბროდ. მე ყველა კონფესიის წარმომადგენლებს ვხვდები და მით უმეტეს, ამ ვითარებაში არანაირი წინააღმდეგობა ჩემი მხრიდან არ იქნება.

მივმართავ საპატრიარქოს, რომ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ და ბავშვის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს, მისცენ საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა და იმედი მაქვს, რომ ამაზე მივიღებ დადებით პასუხს.

ეს ძალიან პოზიტიური იქნება პირველ რიგში ბავშვებისთვის, იმიტომ, რომ ისინი არიან ძალაინ დიდი წნეხისა და ზეწოლის ვქეშ. ამიტომ მოგვეცით მშვიდ გარემოში ჩვენი საქმიანობის განხორციელების საშუალება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მეუფე იაკობის ხელმძღვანელობის პერიოდში შეძლებს პანსიონში შესვლას და მონიტორინგის ჩატარებას, ნინო ლომჯარიამ განაცხადა:

„მაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ მონიტორინგის განხორციელებას. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. პირველ რიგში ის, რომ დაიწყო უპრეცედენტო პროცესი ბავშვთა უფლებრივი დაცვის მიმართულებით, რაზეც წლებია ვსაუბრობთ და არანაირი რეაგირება და ნაბიჯები არ ჰქონია სახელმწიფოს.

დაიწყო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, მათ შორის, რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონების მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება საშუალება, რომ იქ შევიდეთ და განვახორციელოთ მონიტორინგი. პირველ რიგში, ახლა ყველას ინტერესშია, რომ სიტუაციის დამშვიდება მოხდეს, იმიტომ, რომ თუ ეს არ მოხდა, როგორც პანსიონებში მყოფ ბავშვებზე, ისე ახალგაზრდებზე, რომლებიც არიან ყოფილი ბენეფიციარები, კვლავ გაგრძელდება სერიოზული წნეხი და ზეწოლა, რასაც დღეს აქვს ადგილი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი 2018 წელს ჩაატარა, რამაც ბავშვთა მიმართ ძალადობა და დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. მონიტორინგის განხორციელება წელს იყო დაგეგმილი, თუმცა 15 აპრილს, პანსიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, მეუფე სპირიდონის მითითებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დაწესებულებაში შესვლის საშუალება არ მისცეს. მეუფე სპირიდონი მიიჩნევს, რომ ბავშვებთან სახალხო დამცველის მიშვება უმძიმესი დანაშაულია.

7 მაისს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც საქართველოს დაევალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. სახელმწიფომ გაეროს კომიტეტის მოთხოვნა არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

3 ივნისს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა პანსიონის მოქმედი და ყოფილი აღსაზრდელების ინტერვიუები, სადაც მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საუბრობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს. შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ შემთხვევებს იძიებენ.

5 ივნისს, სასამართლომ დროებითი განჩინება მიიღო, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ გადაეყვანათ სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში. მოსარჩელე მხარე და სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ დროებითი განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა. საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]