weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საოკუპაციო რეჟიმმა გატაცებული მაია ოთინაშვილის ფოტო გაავრცელა

17:27 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო“ საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის ფოტოს ავრცელებს და იუწყება, რომ ოთინაშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის.

„რეს“-ი წერს, რომ ქართულმა მხარემ ოთინაშვილის დაკავება მორიგი პიარ კამპანიის ასაგორებლად გამოიყენა და სამხრეთ ოსეთს ადამიანის გატაცებასა და უფლებების დარღვევაში დასდო ბრალი.

„დღეს სამხრეთ ოსეთელმა ჟურნალისტებმა მაია ოთინაშვილი ცხინვალის კოლონიაში მოინახულეს და დარწმუნდნენ, რომ ქართველი პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების ბრალდებები უსაფუძვლოა “, - წერს „რეს“-ი.

სააგენტოს ინფორმაციით, ოთინაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაკავების შემდეგ თარჯიმანი და ადვოკატი მიუჩინეს.

„კარგად მექცევიან, ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ვუჩივი, მაგრამ სახლში მინდა“, - ციტირებს გამოცემა მაია ოთინაშვილის განცხადებას.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ, ოთინაშვილის ოჯახის წევრებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მაია ოთინაშვილი სავარაუდოდ ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე ცემეს. ამის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა ოთინაშვილი ციხეში მოინახულეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.

სამი არასრულწლოვნის დედა მაია ოთინაშვილი საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით 29 სექტემბერს დილით გაიტაცეს. 2 ოქტომბერს დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე „ბრალად ედება“ თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 3 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, ოთინაშვილს აღკვეთის ღონისძიება 10-დღიანი პატიმრობით შეეცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]