weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„სპუტნიკმა“ ცხინვალის ციხეში მყოფი მაია ოთინაშვილის ვიდეომასალა გაავრცელა

00:55 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018

სააგენტოსპუტნიკ ოსეტიარუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული და ცხინვალის ციხეში მყოფი მაია ოთინაშვილის ვიდეომასალას ავრცელებს.

კამერების წინ ჟურნალისტები მაია ოთინაშვილს ეკითხებიან, განხორციელდა თუ არა მასზე რაიმე სახის ზეწოლა ან ფიზიკური ძალადობა, რაზეც ოთინაშვილი პასუხობს, რომ მას კარგად ექცევიან.

„ცუდად არ მექცევიან, კარგად ვარ. სახლში მინდა“, - ამბობს მაია ოთინაშვილი.

ვიდეომასალის გავრცელებამდე მაია ოთინაშვილის ფოტო „სახელმწიფო“ საინფორმაციო სააგენტო „რეს“-მა გაავრცელა იმის დასადასტურებლად, რომ მას დაზიანებები არ აღენიშნება. „რეს“-ი წერს, რომ ქართულმა მხარემ ოთინაშვილის დაკავება მორიგი პიარ კამპანიის ასაგორებლად გამოიყენა და სამხრეთ ოსეთს ადამიანის გატაცებასა და უფლებების დარღვევაში უსაფუძვლოდ დასდო ბრალი.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ, ოთინაშვილის ოჯახის წევრებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მაია ოთინაშვილი სავარაუდოდ ნაცემი იყო. ამის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა ოთინაშვილი ციხეში მოინახულეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.

სამი არასრულწლოვნის დედა მაია ოთინაშვილი საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით 29 სექტემბერს დილით გაიტაცეს. 2 ოქტომბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ოთინაშვილის წინააღმდეგ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით აღიძრა, რაც საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს.

„დადგინდა, რომ ოთინაშვილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ანაზღაურების სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მცხოვრებლებს ხელს უწყობდა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“, - განაცხადეს ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

მათივე ცნობი, ე.წ.„ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ეცნობა, რომ მაია ოთინაშვილს არა ორთვიანი, არამედ ათდღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ამასთან, 4 ოქტომბერს ე.წ. ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ თქვა, რომ ოთინაშვილი საპატიმროში ერთ თვეს გაატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]