weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-სთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს

20:52 სამშაბათი, 04 აგვისტო 2020
ფოტოზე თამარ ბაჩალიაშვილი ფოტოზე თამარ ბაჩალიაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) თანამშრომლობის თაობაზე. როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ მიზნით, დღეს ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვედრა შესთავაზეს.

დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს, თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს და გამოძიების პროცესში FBI-ის ჩართვა მოითხოვეს. მშობლებმა განაცხადეს, რომ შსს-ს გამოძიებას არ ენდობიან. მათივე თქმით, საელჩოს წარმომადგენელმა განუმარტათ, რომ FBI-ის ჩართვა საქართველოს მთავრობამ უნდა მოითხოვოს.

თამარ ბაჩალიაშვილი ფონიჭალაში ცხოვრობდა. ის სახლიდან 18 ივლისს, დილით საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ ჩანდა. დედის თქმით, დაახლოებით დღის პირველი საათისთვის თამარს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 18 ივლისს, საღამოს მიიღეს. 19 ივლისს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ბაჩალიაშვილის ავტომობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის „ჭკვიანმა“ კამერამ დააფიქსირა. აქედან მისი კვალი დაიკარგა. ოჯახისთვის გაუგებარი იყო, რატომ წავიდა თამარი ამ მიმართულებით, რადგან ხაიშში არც ნათესავები ჰყავთ და არც მეგობრები.

ოჯახი პოლიციას არაეფექტურ მუშაობაში სდებდა ბრალს, რის გამოც ფონიჭალაში აქციაც გამართა. შსს აცხადებს, რომ დაკარგულის სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი. ამის მიუხედავად, თამარ ბაჩალიაშვილი მხოლოდ მეოთხე დღეს, 22 ივლისს იპოვეს. ავტომობილი და ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე არასრულწლოვანმა მწყემსმა ნახა და პოლიციას შეატყობინა.

შსს-ს განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართულია ცენტრ „ემპათიას“ დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ქალის სიკვდილის ხანდაზმულობაა 3-5 დღე იყო. დამოუკიდებელი ექსპერტიზის პირველადი შედეგების თანახმად, გვამზე ხილული ტრავმული დაზიანებების კვალი არ არის, ხოლო სხეულის ზედაპირული დაზიანებების აღმოჩენა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შორსწასული გვამური მოვლენების გამო, შეუძლებელი იყო. დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენისათვის აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები.

24 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ახალი კვალიფიკაცია დაემატა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც გაგრძელდება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს. ის პროგრამისტად კომპანია „ზეგ“-ში მუშაობდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]