თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 318 ადამიანი განიკურნა, 3 კი გარდაიცვალა.
„გვაქვს 4672 აქტიური შემთხვევა. ამ პაციენტებიდან 60-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 59 მართვითი სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზეა. 9 პაციენტი გამოყვანილია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.
აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა. ამჟამად იქ ახალი შემთხვევების მხოლოდ 49%-ია (გუშინ 51% იყო). ეს შეესაბამება 230 პაციენტს. თუმცა, ძალზე საყურადღებოა ის, რომ შემთხვევების რაოდენობა იმატებს თბილისში, სადაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 28%-ია. ეს გახლავთ 134 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
იმერეთში 68 ახალი შემთხვევაა, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში – თითოეულში 8, შიდა ქართლში – 6, ხოლო კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში 5-5“,
– განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი სამევე პაციენტი აჭარაში მკურნალობდა.
გუშინ, 7 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღეების მონაცემები კი ასეთია: 6 ოქტომბერი – 549, 5 ოქტომბერი – 578, 4 ოქტომბერი – 554, 3 ოქტომბერი – 471.