როგორც პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტირების შედეგები აჩვენებენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის და ახლა მთავარია, რომ ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს.
„ჩვენ რომ არ გვინდა იყოს ის, რასაც მესამე ტალღას ეძახიან, მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდევ გავუძლოთ, ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, რათა იმის გარანტია გვქონდეს, რომ მესამე ტალღას გავუძვრებით და ჩვენი გახსნების შედეგად ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება. ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინაცია, სითბოც და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ გაცილებით უფრო მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს მოქმედი ყველა შეზღუდვა პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ, 10 იანვარს 1143 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 9 იანვარს – 2058.