weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნემსი გამიკეთეს და 3 დღე მეძინა – რას ჰყვება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი

17:42 ხუთშაბათი, 03 ივნისი 2021

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი აღმზრდელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ისეთ ფორმებზე საუბრობს, როგორიც არის სახაზავითა და ჯოხით ცემა, 24 საათი მუხლებით ბრინჯის მარცვლებზე დაყენება, საჭმლის თავზე გადასხმა, დამამშვიდებელი ნემსის გაკეთება და ბულინგი.

19 წლის ბიჭის მონათხრობის აუდიოჩანაწერი „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა. როგორც ის ამბობს, პანსიონი 15 წლის ასაკში დატოვა.

„მე იქ 2001 წელს მოვხვდი. ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ჩემთვის მოეარა. ერთი კვირის მშობელმა დედამ დამტოვა ჭიშკართან. როცა უკვე წამოვიზარდე, ჭკუა მომეკითხებოდა და გავერკვიე თუ რა ხდებოდა შიგნით, იყო ისეთი საქციელები, რისი გაპროტესტება დავიწყე და ამის გამო მომიწია ძალიან ბევრი ცემა, 24 საათი ბრინჯზე, პურის მარცვალზე მუხლებით დაყენება და არაერთი სახაზავის გადამტვრევა ჩემს გვერდებზე და თითებზე.

არ ვემორჩილდებოდი მასწავლებლებს. შუადღეს რომ არ გვეძინებოდა, თვალებს გვიხვევდნენ „რეიტუზებით“ და ძალით გვაძინებდნენ... იყო იმის გამოც, რომ მასწავლებლებს არ ვუჯერებდი და არ ვემორჩილებოდი იმიტომ, რომ ვეგეტარიანელი ვარ, არ მიყვარდა ხორცი და მათ შემაზიზღეს. საჭმლის მხრივაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ერთხელ, საქონელი რომ დაკლეს, იმხელა თმიანი ხორცი შემხვდა საჭმელში და იმის შემდეგ ხორცი აღარ მიჭამია, შემზიზღდა.

ვლაპარაკობ 2006-2007 წლებზე, როცა წამოვიზარდე და სკოლის მოსწავლე ვიყავი, ამ ცხოვრების ცოტა უკვე მესმოდა. ძალიან გვანსხვავებდნენ ერთმანეთისგან. გვქონდა ნიშნები მონიჭებული, მაგალითად, შენ იყავი კარგი მოსწავლე და ყველაზე მეტი რაღაც გეკუთვნოდა. შუადღეს არიგებდნენ (სამხარს ეძახდნენ) პეჩენიას და „კანფეტს“. ვინც ჭკვიანი იყო, ანუ მათ უჯერებდა, ან კარგად სწავლობდა, ან რომელიმე მეუფის ან მამაოს შვილი იყო, ხვდებოდა 3 პეჩენია და 3 „კანფეტი“ და ვინც არ ვიყავით წყნარად – 1 პეჩენია და 1 „კანფეტი“.

მე ცელქი ბავშვი ვიყავი თავიდანვე. ახლაც ისეთი მიდრეკილება მაქვს, რომ როცა ადამიანს ჩაგრავენ, როცა ადამიანს ანადგურებენ ფსიქიკურად და მორალურად, მაშინვე მერთვება ბრძოლის ინსტიქტი და მაშინვე ვიწყებ იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც ამას აკეთებს. რაც არ მომწონდა, ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი.

2009 თუ 2010 წელი იყო, აღარ მახსოვს ზუსტად, მაქედან სამი ბავშვი გავაპარე. ღობეზე გადავძვერით.

ნინოწმინდაში დახვეული დენის მავთულები იყო, როგორც ციხეშია. შევიპარეთ „კაჩიგარიაში“ 4 ბიჭი, რომლებმაც დავგეგმეთ გაპარვა (კაი ხანი ვგეგმავდით), დავითრიეთ ვაზის საჭრელი მაკრატელი, მაგით გადავჭერით და ვიპარებოდით, როცა მე დამიჭირეს, გამიკეთეს დამაძინებელი ნემსი და სამი დღე მეძინა.

ჩემი ფაქტორიც იყო, მე რომ არ მინდოდა რაღაცის გაკეთება, სულ ვდგებოდი და გავრბოდი გარეთ, იმიტომ, რომ გარეთ ვწყანდებოდი. მარტო მერჩია ყოველთვის ყოფნა.

იყო ისეთი ფაქტებიც, რომ დიდ ბიჭებს, 17-18 წლამდე ვინც იყვნენ, მათ მადევნებდნენ, დამიჭერდნენ, წამიყვანდნენ ექიმთან და ექიმი ნემსს მიკეთებდა, დამამშვიდებლებს, რომ გათიშული ვყოფილიყავი.

ვიქნებოდი დაახლოებით 9-10 წლის, როცა უფრო დიდი პროტესტი დაინახეს ჩემში და ხვდებოდნენ, რომ ვინმე რომ შემოსულიყო შიგნით, მე არ გავჩერდებოდი. იყო ისეთი ფაქტები, როცა შემოვიდნენ ჟურნალისტები და სასულიერო პირები და ანახებდნენ მხოლოდ პატარა ბავშვებს, რომლებსაც ლაპარაკი არ შეეძლოთ.

სექსუალური ძალადობის ნიშნები შიგნით არ მახსენდება. მაშინ ვიქნებოდი 6-7 წლის, როდესაც მასწავლებლები ლაპარაკობდნენ, ჩუმად და შემთხვევით ყური მოვკარი, იმ ფაქტზე, რომ მეუფე სპირიდონის საქემეები, რომელიც ეხებოდა 14 წლის გოგოს გაუპატიურებას, სანამ მეუფე გახდებოდა, საპატრიარქომ გაანადგურა, რომ ვინმეს არ ენახა.

რეჟიმი იყო ის, რომ გარეთ ვერ გახვიდოდი. თუ გაგიყვანდნენ აღმზრდელები, გაგიყვანდნენ ნახევარი საათით და უნდა შესულიყავი შიგნით. დილით 9-ის ნახევარზე აგაყენებდნენ, საჭმელი უნდა გეჭამა. პედაგოგები შიგნით შემოდიოდნენ და შიგნით გამეცადინებდნენ. თუ იმ წესებს არ ემორჩილებოდი, სხვა თემა იყო.

ერთ დღეს არ ვჭამე სუპი და გადამასხეს თავზე. მასწავლებელს შევეწინააღმდგე, რატომ მასხამთ მეთქი თავზე. რას ჰქვია შემეტლიკინეო და პლასტმასის ჩუსტი გამომიქანა, რომელიც მომხვდა. გავუქანე ისევ უკან და გავუხეთქე წარბი.

მეტანიებით იყო ძალიან დიდად დასჯა. გვაკეთებინებდნენ ბუქნებსაც. როცა მოუნდებოდათ, გვეტყოდნენ - „ადექი ბუქნები გააკეთე“. არ გააკეთებდი და გცემდნენ. მე ძალიან ბევრჯერ მომიწია ლოგინის „რეიკით“, სკამების ჯოხებით ცემა.

არ ვსწავლობდი და არ ვწერდი გაკვეთილს, ხელს მადებინებდნენ და ხის სახაზავს მირტყამდნენ – სწორად თუ არ წერ, მაშინ ხელი რათ გინდაო. იყო ასეთი შემთხვევებიც.

მაქედან რომ წამოვედი ვიყავი 15 წლის. ჩემი შვილება უნდოდა ერთ ოჯახს ცოლ-ქმარი იყო, პოლიციელები, მაგრამ მეუფემ არ გამაშვილა. იმ პოლიციელმა ბიჭმა მკითხა, რა გინდა, რით შემიძლია დაგეხმაროო და ვუთხარი ოჯახის ნახვა მინდა, მაინტერესებს რატომ მიმატოვეს მეთქი. მან იმდენი შეძლო, რომ გამირკვია ჩემი ოჯახის საცხოვრებელი მისამართი. იმ ადამიანის საშუალებით დედაჩემმა გაიგო, რომ ისევ იმ ბავშვთა სახლში ვიყავი, სადაც დამტოვა, მაგრამ რომ მოვიდა (დედაჩემის მოსვლიდან დაახლოებით სამ თვეში წამოვედი მაქედან, 15 წლის ასაკში) გავიგე, რომ დედაჩემი არაერთხელ ყოფილა მანდ მოსული, მაგრამ უთქვით, ეგ ბავშვი აქ აღარ არის, სხვამ წაიყვანაო.

ბევრ ბავშვს ასაღებდნენ ისე, ვითომ არ იყვნენ იქ. სინამდვილეში იყვნენ და მალავდნენ.

საბოლოოდ, მე პოლიციელმა მომიყვანა დედაჩემი და წამოვედი. ახლა ვცხოვრობ დამოუკიდებლად. ცოლი მოვიყვანე და პატარა შვილი მყავს და ვარ 19 წლის. 

რაც იქიდან გამოვედი სულ მქონდა ამაზე ბრძოლა, რომ იქნებ ვინმე დამხმარებოდა და ის ბავშვები გადამერჩინა, მაგრამ სანამ ეს თემა თვითონ არ გახმაურდა და ვიღაცამ არ გაახმაურა, არავინ შემომეხმიანა.

ვნახე ფაქტები, რომ როდესაც ბავშვები 18 წლის შესრულდნენ, უბრალოდ, ბავშვთა სახლიდან გაუშვეს, ძალიან ბევრი ბავშვი ქუჩაში დარჩა, ერთ-ერთი ჩემი ძმაკაცი იყო ნინოწმინდიდან.

როგორც კი შეუსრულდა 18 წელი, გაუშვეს და მერე ღობიდან ველაპარაკებოდი. მათხოვარი გახდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმიტომ, რომ ქუჩაში გააგდეს.

მინდა რომ ანალოგიური ტკივილი არ გამოიარონ, რაც მე იქ ვნახე. მინდა, რომ ყველას გავუკეთო სიკეთე, რომ მოვაშორო იქაურობას, ან იქაურ აღმზრდელებს მაინც, ვინც ამას სჩადიოდა.

გამოსავალს თვითონ ვერ პოულობ იმიტომ, რომ გიწევს მორჩილება. მარტო ხარ. წეღან ვინც ვახსენე, ის ბავშვი იყო ქრონიკული დაავადებით, მასწავლებლისგან შერქმეული სახელი ჰქონდა, რაც მერე ბავშვებმაც დაიჩემეს და ჩაგრავდნენ, ბოლო დონემდე აბულინგებდნენ, რაც კი შეეძლოთ.

ერთადერთი, რაც მაგ ბავშვთა სახლში ვისწავლე, არის ის, რომ თავდასხას ყოველთვის უნდა უპასუხო თავდასხმით, თუ ამ ცხოვრებაში თავის გატანა გინდა. თავდასხმა თავდასხმის წინააღმდეგ – მეტი გამოსავალი მე მანდ ვერ ვნახე“.

გუშინ სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას სხლათელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის კურთხევით არ აძლევენ.

სახალხო დამცველი შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას პირველ რიგში სახელმწიფოს აკისრებს, რადგან ის არის ვალდებული ასეთ ინსტიტუციებში დამოუკიდებელი ორგანოს მიერ მონიტორინგის განხორციელება უზრუნველყოს. სახელმწიფოს ეს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმაც დაავალა 7 მაისს გამოცემული დროებითი ღონისძიებით.

„ასეთი ორგანო ამ ქვეყანაში არის სახალხო დამცველი. შესაბამისად, ასეთ ინსტიტუციებში შესვლა-არ შესვლის საკითხი არ არის მათი მენეჯერების გადასაწყვეტი. მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ სავარაუდოდ, ამ დაწესებულების ხელმძღვანელობას რაღაც აქვს დასამალი, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი დაწესებულება სადაც ჩვენ არ გვიშვებენ.

სხვა მართლმადიდებლურ პანსიონებში გვიშვებენ. ეს არის ერთადერთი პანსიონი, სადაც ჯერ ბავშვებთან გასაუბრებაში შეგვიშალეს ხელი, შემდეგ კი კარი საერთოდ დაგვიკეტეს“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 15 აპრილს, მეორედ კი 19 მაისს არ შეუშვეს. სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ 2020 წლის ივნისის შემდეგ დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლეოდა, რაც სააგენტომაც დაადასტურა.

პრობლემის გასაჯაროების შემდეგ, სოციალურ მუშაკს მიეცა დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა, თუმცა, როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ეს ვერ ჩაითვლება გაეროს კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულებად და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას, რადგან სააგენტო არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამჟამად 53 ბავშვი ირიცხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]