weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო, ლამის წარმოუდგენელია – მეუფე ნიკოლოზი

16:00 ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა გადაცდომას ადგილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში. როგორც მეუფე ამბობს, მას წლებია ურთიერთობა აქვს პანსიონის ყოფილ აღსაზრდელებთან და პანსიონში რაიმე დანაშაულებრივი ქმედება არ აღმოუჩენია.

„რომ აღმომეჩინა რაიმე ისეთი, რაც კრიმინალურ ნაწილში გადადის, დასჯა და სიმკაცრე სხვა არის, აუცილებლად მოვახდენდი რეაგირებას პატრიარქის, სინოდის და თავად მეუფე სპირიდონის წინაშე.

თუ ლაპარაკია იმაზე, რომ იქ ბავშვებს სჯიდნენ, მთელ საზოგადოებას მოვუწოდებ ხაზი გავავლოთ - აქეთ მხარეს დადგნენ ისინი, ვისაც ბავშვი არასოდეს დაუსჯია, საკუთარი შვილი და აქეთ მხარეს დადგნენ, ვისაც დაუსჯია და კიდევ აქეთ დადგნენ, ვისაც უცემია თავისი შვილი. ესე იგი, ლაპარაკი არის 20 წლის, 15 წლის წინანდელ ამბებზე, მაშინ, როდესაც ეს დღემდე ოჯახებშიც კი ხდება.

ეს არის გადაცდომა. მე მიმაჩნია, რომ ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო, ოღონდ ეს ძალიან ძნელია. ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო, ლამის წარმოუდგენელია.

თუ ლაპარაკია დასჯისას გადაცდომებზე, ეს უკვე კრიმინალური დანაშაულია. ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ. დასჯის მეთოდები გამოყენებული იყო თუ არა პანსიოპნში, ამის შესახებ არ ვიცი. არიან ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ გამოყენებული იყო და არიან ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ არ იყო გამოყენებული. გამოძიებამ დაადგინოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის ეპარქიაში მდებარეობს. მას სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს. იქ მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 15 აპრილს, პანსიონის ადმინისტრაციამ, მეუფე სპირიდონის მითითებით, დაწესებულებაში არ შეუშვა სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომელთაც მონიტორინგის ჩატარება სურდათ.

„იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი ღვთის წინაშე და ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება ბავშვთა სახლში და ბავშვებთან მიშვება არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის წაბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს. იქ ორი ეკლესიაა და თითქმის ყოველდღიური წირვებია. ამდენი ბავშვები იზრდებიან უკვე 17 წელიწადია იქ. ისინი ჩემი შვილები არიან და ამ წაბილწულ და გარყვნილ ხალხს საჯიჯგნად ვერ მივცემ“, – განაცხადა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა.

7 მაისს, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფოს დაავალა, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების პანსიონში შესვლა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო, თუმცა ეს მოთხოვნა ხელისუფლებამ არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებიც ვერ შედიოდნენ. სააგენტომ ხელმძღვანელმა, მერი მაღლაფერიძემ დაადასტურა, რომ შესვლის პრობლემა ნამდვილად ჰქონდათ, რასაც პანსიონის ადმინისტრაცია პანდემიით ხსნიდა.

პანსიონში ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი 2018 წელს ჩატარდა. სახალხო დამცველის განცხადებით, წინა წლების მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები. სახალხო დამცველი ამბობდა, რომ პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტობრივად იზოლირებულები იყვნენ სოციუმიდან და პრობლემური იყო მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

 

ამ თემაზე:

რა თქვეს ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებმა სახალხო დამცველთან – ლომჯარიას განცხადება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]