ვახტან გომელაურის თქმით, შსს მუშაობს და ესებუას დაკავება უწყების ღირსების საქმეა.
„ხუმრობა იქით იყოს და მნიშვნელოვანი თემაა, რა თქმა უნდა, მით უმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა, პირდაპირ გეტყვით. ასეთი რაღაც დიდი ხანია არ მომხდარა. ვმუშაობთ, კი. იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს და ხვალ მოხდება [დაკავება].
ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, 34 თუ 35 ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. ყველაზე ძალიან ვისაც უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, არის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შეიძლება ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, არ ვიცი. ვმუშაობთ თემაზე და კიდევ ხაზს ვუსვამ, იმყოფება საქართველოში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ.
2020 წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. გვიან ღამით მას გამოსასყიდი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა მასთან და 3 მძევალთან ერთად დატოვა.
შსს-მ 22 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებული იქნა. დილის ხუთ საათზე კი უწყებამ განაცხადა, რომ გათავისუფლებულები იყვნენ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი. თავად თავდამსხმელი გაიქცა.
23 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გამოსასყიდი თანხა – 500 000 დოლარი „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა.
26 ოქტომბერს შსს-მ დაადასტურა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი 32 წლის ბადრი ესებუაა. უწყებამ საქმე ტერორიზმის მუხლებით გადააკვალიფიცირა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
12 დეკემბერს სამართალდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა“. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი ამოიღეს. ბიძინა ესებუას ბრალად საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად და წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 23 დეკემბერს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ბადრი ესებუას მიმალვაში ძმა დაეხმარა.