weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ გამოსასყიდს გადაგიხდით – მელია „ქართულ ოცნებას“

18:50 სამშაბათი, 20 აპრილი 2021

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

„მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით. 17:55 სთ. რუსთავის ციხე“, – წერს მელია Facebook-ის პირად გვერდზე.

როგორც მან „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს თქვა, „გამოსასყიდის“ გადახდა არავინ გაბედოს.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებისა, გუშინ და დღეს ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით მომზადებულ შეთანხმებას. ნიკა მელიას პარტიიდან ინდივიდუალურად ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმა. დოკუმენტს ასევე აქვს პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერაც.

მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას და შევიდეს პარლამენტში, ოღონდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. ამასთან, სააკაშვილის თქმით, მელია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს – „ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, გაუგებარი გირაოს გარეშე, ისე, როგორც მას სურს, რადგან ის იქ იმყოფება უკანონოდ და უდანაშაულოდ“.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. გარდა ამისა, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა რეაგირება უნდა მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად ორი საქმეზე (იგულისხმება გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეები) ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

ნიკა მელია 23 თებერვალს, პარტიის ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მანამდე, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით იმ მოტივით მიმართა, რომ ნიკა მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40 000 ლარის გადახდაზე უარი თქვა. 25 თებერვალს პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ მელია გირაოს გადაიხდის, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

 

ამ თემაზე:

პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ვერ დაასაბუთა – ლომჯარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]