weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტის განცხადებით, EU-სგან 75 მილიონი ევროს მიღებაზე მთავრობის უარი გაუგებარია

18:46 ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2021

„ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება!“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რითიც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს დახმარების მიღებისგან მთავრობა თავს შეიკავებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისა და პირადად მისთვის გაუგებარია.

„რაიმე სახით, ან რამე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება, ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება.

სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია.

ეკონომიკური არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა- ანალიზს ვერ უძლებს! როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი (ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის) სესხი.

გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია!

ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით - არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა! მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც.

დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარ ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია, და ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯებმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები.

ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არა თუ ესმის, კიდევაც იზიარებს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში, ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე ვიდრე აქამდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, თავი შეიკავოს ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მიღებისგან, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლითა და საგარეო ვალის შემცირების მოტივით ხსნის.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნული თანხა 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო აღებულ ვალდებულებებს შეასრულებდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯულიენ კრამპმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმი 2020 წელს გაფორმდა. ამ თანხიდან 75 მილიონი ევრო საქართველომ იმავე წლის ნოემბერში მიიღო.

 

ამ თემაზე:

აშშ გაითვალისწინებს, რომ საქართველოს მთავრობას 75 მლნ ევროს დახმარება არ სჭირდება – დეგნანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]