weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყვარელშიც ძალით გამოიყვანეს გამგეობიდან, იქაც ჯიუტობდა - ხაბარელი ქევხიშვილზე

12:46 ორშაბათი, 28 მაისი 2018

„თუ გადავხედავთ მის ბეგრაუნდს ყვარელში, იქაც ასე ჯიუტობდა და იქაც ასე გამოიყვანეს ძალით გამგეობიდან. ასეთი დაძაბული სიტუაცია უნდა, რომ შექმნას ქვეყანაში. თუ გადავხედავთ, გვერდზე ჩოჩელი უზის და ბევრია ისეთი პირი, ვინც პირდაპირ იყო დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამას უკვე პოლიტიკური ელფერი ეძლევა“, - განაცხადა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა, რომელმაც ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

აღმასკომის დახურულ სხდომაზე ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატს უსმენენ. ხაბარელის თქმით, დავით ქევხიშვილს რეალობის გრძნობა დაკარგული აქვს.

„მე ვკითხე მას, ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ჰოლანდიელი სპეციალისტი. ნაკრების ვარჯიშზე სპორტსმენები არ დადიან. ის შემადგენლობა, რომელიც ქევხიშვილთან ერთად იბრძვის, ცდილობს დაინგრეს ყველაფერი რაც შეიქმნა.

პირდაპირ ვამბობ არცერთს არ აინტერესებს საქართველოს ბედ იღბალი“, - აღნიშნა ხაბარელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

26 მაისს, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ძიუდოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ლუი ვეიდენბოსხი, ჰოლანდიის ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო 1997- 2001 წლებში. მისივე თქმით, ასევე, ელოდებიან რამდენიმე სხვა უცხოელი მწვრთნელის პასუხს და უახლოეს პერიოდში მიღებული იქნება გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის დანიშვნის შესახებ.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი 30 აპრილს სრული შემადგენლობით მას შემდეგ გადადგა, რაც საქართველოს ნაკრები 26-29 აპრილს თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა.

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, 1-ელ მაისს, ძიუდოისტმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზურაბ ზვიადაურმა განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

4 მაისს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ძიუდოისტებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ამირან პაპინაშვილმა, ზებედა რეხვიაშვილმა, ადამ ოქრუაშვილმა და სხვებმა. მათ თქვეს, რომ ვარჯიშს და შეჯიბრებებში მონაწილეობას მანამდე არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. სპორტსმენებმა ფედერაცია კუთვნილი ანაზღაურების მითვისებაში დაადანაშაულეს. დავით ქევხიშვილკმა კი განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, ამ პროცესების უკან რაღაც ჯგუფები დგას.

22 მაისს, ძიუდოისტებმა ქევხიშვილს სამუშაო ოთახის კარი აუჭედეს, მისი სკამი კი გარეთ გაიტანეს და ნაგვის ურნასთან დადგეს.

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს. ამავე დროს, 2017 წლის ნოემბრიდან ის ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. 2013 წლიდან 2014 წლის 25 აპრილამდე დავით ქევხიშვილის ყვარლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.  

მუშაობდა. იგი 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ყვარლის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრას გეგმავდა. 25 აპრილს კი, პოლიციამ დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად კიდევ 17 პირი, ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. იმავე დღეს საკრებულოს წევრებმა დახურული სხდომა გამართეს და გამგებელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ქევხიშვილის მხარდამჭერების განცხადებით, ყვარლის გამგებლის წინააღმდეგ პროცესებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა.

2014 წლის 4 ნოემბერს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, გამგებელ დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. მოსამართლემ ქევხიშვილი თანამდებობაზე ვეღარ აღადგინა, რადგან მუნიციპალიტეტს უკვე ახლადარჩეული გამგებელი ჰყავდა. მოგვიანებით, ქევხიშვილის მიმართ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნაც შეწყვიტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]