weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოვიდა

10:48 ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა დაადასტურა.  

„აფგან მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლა დაკავშირებულია იმ სისხლის სამართლის საქმესთან, რომლის გამოძიებასაც უკვე თითქმის ოთხი წელია, არ დაადგა საშველი. როგორც თავდაპირველ ეპატპზე, ახლაც, ბატონ აფგანს გადაწყვეტილი აქვს გამოძიებასთან და პროკურატურასთან თანამშრომლობა. ამჟამადაც ის თანამშრომლობს პროკურატურასთან და თუ პროკურორებს ან გამომძიებლებს ექნებათ რაიმე კითხვა, მათ გასცემს ამომწურავ პასუხებს“, – განაცხადა ადვოკატმა ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში.

აფგან მუხთარლის, პროკურატურაში გამოცხადების მიზნით, გერმანიიდან საქართველოში ჩამოსვლის მცდელობა 2020 წლის ოქტომბერში ჰქონდა, თუმცა ის ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ (Georgian Airways) ბორტზე არ აუშვა. მუხთარლი აცხადებდა, რომ მას დაბრკოლებებს განზრახ უქმნიდნენ, რადგან საქართველოს ხელისუფლებას მისი დაბრუნების ეშინოდა, ავიაკომპანიაში კი განმარტეს, რომ მუხთარლის, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების გამო, საქართველოში შემოსვლის უფლება არ ჰქონდა.

აფგან მუხთარლი, რომელიც 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა, თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი აზერბაიჯანში, პოლიციის იზოლატორში აღმოჩნდა. მუხთარლი ამბობდა, რომ თბილისიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს.

აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ინფორმაციით, მუხთარლი 29 მაისს, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აფგან მუხთარლის ბრალად დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. 2018 წლის 12 იანვარს ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი დამნაშავედ ცნო სააპელაციო სასამართლომაც. 2020 წლის მარტში მუხთარლი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის გერმანიაში გაემგზავრა. მანამდე საქართველო დატოვეს მისმა მეუღლემ და შვილმა.

2018 წლის თებერვალში პატიმრობაში მყოფმა მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობის „მსხვერპლია“. ჟურნალისტის თქმით, ის საქართველოში ილჰამ ალიევის ბიზნესს იძიებდა, რის გამოც თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს. საქართველოს ხელისუფლებამ ჟურნალისტის ბრალდებები მის საქმესთან სამართალდამცავი უწყებების კავშირის შესახებ უარყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გამოძიების შედეგები უცნობია.

მუხთარლის უფლებების დარღვევის საკითხს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. საჩივარი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ არის წარდგენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]