როგორც შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა, გუშინ, აქციის მონაწილეთა პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რის გამოც პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.
„ამის შემდგომ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს დაეცვათ მართლწესრიგი და დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, შეკრებილებმა განაგრძეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის მცდელობა. ისინი სხვადასხვა საშუალებით - რკინის ხელკეტებით, ქვებით, ბლაგვი და ცეცხლმოკიდებული საგნებით ჯგუფურად თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს გასტაცეს სპეცაღჭურვილობა - ფარი.
პოლიციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შეეწყვიტათ, შეკრებილები მაინც აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რის აღსაკვეთადაც პოლიციამ კვლავ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი“, – განაცხადა კახა საბანაძემ.
საბანაძის თქმით, დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს.
შს სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით, 19 პირი დააკავეს.
გუშინ, 8 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, თბილისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართეს – ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება – და მათ შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცეს.
მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ წასულიყვნენ და შენობის პიკეტირება მოეხდინათ.
ცესკოსთან მისულ დემონსტრანტების წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო გაფრთხილების გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი გამოიყენა. გავრცელდა ინფორმაცია, ცესკოს შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც კახაბერ საბანაძემ უარყო. საბანაძემ გუშინვე თქვა, რომ შსს-მ პროპორციული ძალა გამოიყენა.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ძალის გამოყენება იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. ლომჯარიამ ასვე თქვა, რომ პოლიციას არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს.
ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ დაახლოებით 01:30 საათზე მოუწოდეს.
„აქ ყველა სველია. ახლა რომ არ დავიშალოთ, ხვალ ვერცერთი ვიქნებით საბრძოლველად, არადა ახლა ყველა მებრძოლია საჭირო. მშვიდად, წყანარად, ორგანიზებულად წავიდეთ, დავისვენოთ და ხვალ, რუსთაველზე ვაჩვენოთ, რომ მაგათი არავის ეშინია“, – მიმართა აქციის მონაწილეებს ალეკო ელისაშვილმა.
აქცია დღეს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე განახლდება.
ამ თემაზე:
8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დაშლის შედეგად 3 ჟურნალისტი დაშავდა