weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო – გახარია 8 ნოემბრის აქციაზე

13:56 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა და რაც მთავარია, პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს ფაქტობრივად დგას ეს ქვეყანა და სხვადასხვა მიმართულებით კრიზისებთან ბრძოლა.

ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს და ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ამოცანა – სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ყველაფერს, რაც გუშინ მოხდა, სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და გადაცდომებზე უნდა მოხდეს დროული, ეფექტური რეაგირება.

„ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გუშინ, 8 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, თბილისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართეს – ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება – და მათ შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცეს.

მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ წასულიყვნენ და შენობის პიკეტირება მოეხდინათ.

ცესკოსთან მისულ დემონსტრანტების წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო გაფრთხილების გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, სამი ჟურნალისტი. გავრცელდა ინფორმაცია, ცესკოს შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რასაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე უარყოფს.

როგორც საბანაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცესკოს შენობაში, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და „ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შსს-მ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა გამოიყენა“.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ძალის გამოყენება იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. ლომჯარიამ ასვე თქვა, რომ პოლიციას არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს.

ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ დაახლოებით 01:30 საათზე მოუწოდეს.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 19 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]