„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და სასამართლო და სისხლის სამართლის დევნის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლებით განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას.
ნიკა მელია განჩინების გამოცხადების დროს პარტიის ცენტრალურ ოფისში მხარდამჭერებთან და სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. მას მიაჩნია, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებდა პარტიის ოფისი დატოვებას და პოლიციისთვის ჩაბარებას. ოპოზიციის ლიდერებიც ამბობდნენ, რომ სამართალდამცველებს ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.
18 თებერვალს, დილით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია. როგორც მან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავება „დროებით“ გადადო.
18 თებერვალსვე შეიკრიბა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.