weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ახლა მთავარია მობილიზაცია, მთელ საქართველოში ფრონტის გაშლა და შეტევა – სააკაშვილი

18:47 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას დაკავების გამო აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართა. მისი თქმით, ახლა მთავარია მობილიზაცია და შეტევა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით. ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ახლა არის მთავარი მობილიზაცია, მთელ საქართველოში ფრონტის გაშლა. შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა!

ივანიშვილს უკვე პრაქტიკულად არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე. აბა თქვენ იცით!“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაში.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის მონაწილეები რიგგარეშე არჩევების დანიშვნას და პოლიტპატიმრების, მათ შორის, ნიკა მელიას გათავისუფლებას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია 23 თებერვალს, გამთენიისას ჩაატარა. სამართალდამცველებმა ოპოზიციური პარტიის ოფისში შესაღწევად სამხედრო-სამაშველო ტექნიკის კიბეებიც გამოიყენეს, შენობაში შესვლის შემდეგ კი, იქ შეკრებილების დასაშლელად ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შსს-ს წამომადგენლებმა მათი ოფისი დაარბიეს.

მელიას დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გუშინ, პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა. პარლამენტში გამოსვლის დროს ღარიბაშვილმა მელია არაერთხელ მოიხსენია კრიმინალად და თქვა, რომ მისი მთავარი ამოცანა იქნებოდა უმოკლეს ვადაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, რათა „არავინ არ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა“.

17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას.

ნიკა მელია განჩინების გამოცხადების დროს პარტიის ცენტრალურ ოფისში მხარდამჭერებთან და სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. მას მიაჩნია, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებდა პარტიის ოფისის დატოვებას და პოლიციისთვის ჩაბარებას.

18 თებერვალს, დილით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავება „დროებით“ გადადო.

გახარიას გადადგომის დღესვე „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]