weather cur horoscope tv
მარტი 06, 2021

არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა – ღარიბაშვილი

21:23 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021 hits 324

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ნიკა მელიას დაკავებას კანონის აღსრულებას უწოდებს და პოლიტიკურ ძალებს გულწრფელი დიალოგისკენ მოუწოდებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

„კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა.

თუმცა, ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.

დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს.

ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა.

ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში.

ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციაზე“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

დღეს, 23 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გუშინ, პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილს და მის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. პარლამენტში გამოსვლის დროს ღარიბაშვილმა მელია არაერთხელ მოიხსენია კრიმინალად და თქვა, რომ მისი მთავარი ამოცანა იქნებოდა უმოკლეს ვადაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, რათა „არავინ არ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა“.

17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას.

ნიკა მელია განჩინების გამოცხადების დროს პარტიის ცენტრალურ ოფისში მხარდამჭერებთან და სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. მას მიაჩნია, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებდა პარტიის ოფისის დატოვებას და პოლიციისთვის ჩაბარებას.

18 თებერვალს, დილით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავება „დროებით“ გადადო.

გახარიას გადადგომის დღესვე „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]