weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მარადიული“ დეპუტატები და პოლიციის ყოფილი უფროსი - ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები

09:55 სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2020

ჯავახეთი ყოველთვის იმით გამოირჩეოდა, რომ ამ რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები არჩევნებს პირველი ტურით იგებდნენ. ასე ხდებოდა ათწლეულების მანძილზე და მათ შორის ბოლო ოთხ შემთხვევაში, როცა დეპუტატი ენზელ მკოიანი გახდა. შესაძლოა, ეს „ტრადიცია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავად მკოიანმა დაარღვიოს, რადგან იგი მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი აღარაა. 

ენზელ მკოიანი - დამოუკიდებელი კანდიდატი

„ქართული ოცნების“ მმართველობისას, უკონტროლო კრიმინალის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ენზელ მკოიანი მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც მაჟორიტარი დეპუტატი ხალხით სავსე ქუჩაში იარაღს დამიზნებით ისროდა პოლიციის ყოფილი უფროსის სამველ პეტროსიანის მიმართულებით. ეს ინციდენტი „ქართულმა ოცნებამ“ ოთხი მოწვევის „მარადიულ“ პარლამენტარს არ აპატია და 2020 წლის არჩევნებისთვის, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარად, ქართული ენის არმცოდნე სამველ მანუკიანი დაასახელა. ამ ორთან ერთად, მე-18 ოლქში დეპუტატის მანდატისთვის კიდევ 7 კანდიდატი იბრძოლებს. 

Google-ში ენზელ მკოიანის სახელის ძიებისას, ძირითადად ასეთ ინფორმაციას იპოვნით: „მუდმივი დეპუტატი“ რომელიც პარლამენტში სიტყვითაც არ გამოსულა, „ადგილობრივი ფეოდალი“, ვინც სამცხე-ჯავახეთში ყველა ბიზნესს აკონტროლებს; პარლამენტარი, რომელიც იარაღით ხელში ქუჩაში საქმეებს არჩევს; გამოჩენილი პიროვნება, რომლის ფოტო ნინოწმინდის, სოფელ სათხეს ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფინეს; დეპუტატი, რომელსაც ახალგაზრდა ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ნინოწმინდის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელის, ნარინე გინოსიანის საქმეზე გამოძიება არც კი დაწყებულა. იგი ამბობდა, რომ ენზელ მკოიანი მას სექსუალურად ავიწროებდა, ხან ბინის გარემონტებას და ხან საფრანგეთში მოგზაურობას სთავაზობდა და ამ გზით რომ ვერაფერს გახდა, შემდეგ მუქარასა და შანტაჟზე გადავიდა. „დანაშაულის ნიშნების“ არარსებობის გამო პროკურატურას გინოსიანის საქმის წარმოება არც დაუწყია. სამაგიეროდ, ფინანსურმა პოლიციამ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორს დარღვევები აღმოუჩინა და საქმე სასამართლოს გადასცა. 

ნარინე გინოსიანი თავისუფლების სანაცვლოდ გირაოთი გაანთავისუფლეს. ენზელ მკოიანმა სექსუალური შევიწროების ბრალდება უარყო და სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც მის წინააღმდეგ აგორებული „ბინძური ბრალდება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა. ეს, ის „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლის მხარდაჭერითაც ენზელ მკოიანი ორჯერ გახდა პარლამენტარი - 2008 და 2012 წლებში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უკვე 2016 წელს კი „ქართული ოცნების“ სახელით შევიდა პარლამენტში. 

წლების მანძილზე, „პარტიული ერთგულება“ ენზელ მკოიანისა და მისი ახლობლებისთვის, ფინანსურ ერთგულებასაც ნიშნავდა. დეპუტატის ძმამ და ბიძამ ჯერ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირეს 115 000 ლარი და მოგვიანებით „ქართულ ოცნებას“ 213 000 ლარი. 

ამის პარალელურად, უკვე 10 წელია, ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამი კომპანია (შპს „მეეკსი“, შპს „ეს ჯი გაზ -კომპანი“, შპს „ახალგაზი“) სახელმწიფო შესყიდვებით იგებს და იგებს ტენდერებს. „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ კვლევის სტატისტიკა ასეთია - 674-დან 665 გამარტივებული წესით მოგებული ტენდერი და 2 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი. 

თავად ენზელ მკოიანიც მისი ბიუროსთვის საწვავს საკუთარი ოჯახის კომპანიისგან ყიდულობს და საჭიროების შემთხვევაში „საჩუქრადაც“ საწვავს არიგებს. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ანგარიშის მიხედვით, 16 სექტემბერს, ნინოწმინდაში, მკოიანის შტაბის გახსნაზე მანქანით მისულ ამომრჩევლებს 20-20 ლიტრი საწვავი, სწორედ მკოიანის ოჯახის ბენზინგასამართ სადგურზე ჩაუსხეს. აღნიშნული ფაქტი ISFED-მა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად შეაფასა. 

ენზელ მკოიანი, 2020 წლის იანვარში, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დაჯარიმდა. საჯარო სამსახურის ბიურომ აღმოაჩინა, რომ დეპუტატს არ ჰქონდა წარმოდგენილი საბანკო ანგარიშები და არასწორად იყო შევსებული სხვაობა შემოსავლებში, ასევე მისი ოჯახის წევრებს დაუდეკლარირებელი ჰქონდათ შპს-ები. 

2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, ენზელ მკოიანი მოკრძალებულად ცხოვრობს: აქვს ერთი სახლი ახალციხეში, ერთი ავტოფარეხი, 2003 წლის მერსედესით მოძრაობს, არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე 114 ლარი უდევს, ოჯახში არ ინახავს 10 000 ლარზე მეტ ნაღდ ფულს, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა, დეპუტატის ხელფასით ცხოვრობს, რომელმაც 2019 წელს ჯამში 45 720 ლარი შეადგინა და მის ოჯახს, ბოლო ერთ წელიწადში არ მიუღია საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება. ენზელ მკოიანის მეუღლე კარინე მახატაკიანი, ახალციხეში ერთოთახიანი ბინის მეპატრონეა და მისი წლიური შემოსავალი, მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის პოსტზე 12 119 ლარია. 

ენზელ მკოიანი 20 წელია პოლიტიკაშია და ამ ხნის მანძილზე პირველად „მსხვერპლის“ როლის მორგებას ცდილობს. ბოლო რამდენიმე თვეა, იგი საკუთარ თავს „დაზარალებულად“ წარმოაჩენს. 

გაზაფხულზე, სოციალურ ქსელში ენზელ მკოიანის შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა. ამ კადრებმა ყველას შავბნელი 90-იანი წლების საქართველო გაახსენა. 

26 მარტს, ერთმანეთს ენზელ მკოიანი და ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი დაუპირისპირდნენ. ენზელ მკოიანმა განაცხადა, რომ ამ დაპირისპირებამდე სიტყვიერი შელაპარაკება მის ძმისშვილს, 19 წლის არმენ მკოიანსა და პეტროსიანის შვილს შორის მოხდა. მკოიანი აცხადებდა, რომ სიტუაციის განმუხტვის შემდეგ სამველ პეტროსიანი თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მისი მოკვლა სცადა. „ქართული ოცნების“ დეპუტატის მტკიცებით, მან ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

სამველ პეტროსიანის ვერსიით კი, მისი მიმართულებით, პირველად, მოქმედმა დეპუტატმა სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც თავადაც ამოიღო იარაღი და ჰაერში, თავდაცვის მიზნით ისროლა. ამ ინციდენტის შედეგად მკოიანის 19 წლის ძმისშვილი და სამველ პეტროსიანი დააკავეს. ივნისში სასამართლომ ისინი 20-20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

ენზელ მკოიანი არ დაუკავებიათ და მისთვის არც უფლებამოსილება შეუწვეტიათ. 2 აპრილის ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მკოიანი მხოლოდ თავს იცავდა. 

აგვისტოს თვეში მკოიანის ადვოკატმა, ტარიელ მურმენიშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატსა და მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. მალევე ახალქალაქში მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა. ენზელ მკოიანმა განაცხადა, რომ ავტომობილით თავადაც ხშირად გადაადგილდებოდა და სამიზნეც სწორედ ის იყო. 

სექტემბერში, ახალქალაქში მოსახლეობამ აქცია გამართა და ადგილობრივი გაზის კომპანია შპს „ეს ჯი გაზ-კომპანი“, რომელსაც ენზელის ძმა - მარტუნ მკოიანი მართავს, ტარიფების ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა. მალევე, კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და 2008 წლიდან არსებული დოკუმენტები ამოიღო. „ეს ხალხი იმისთვის გამოიყვანეს რომ რეპუტაცია შემილახონ, ეს არის ძალიან ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ“ - განაცხადა მკოიანმა „სამხრეთის

კარიბჭესთან“ ინტერვიუში. ოდნავ მოგვიანებით კი, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ კომპანია გაკოტრდებოდა, 17 000 აბონენტი გაზის გარეშე დარჩებოდა. 

ენზელ მკოიანი 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. იგი, უპირობოდ, ყოველთვის პირველი ტურით იგებდა არჩევნებს რეგიონში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად სომეხია, სამუშაოდ რუსეთში გარბის და რუსული რუბლის იმედადაა მიტოვებული. 

სამველ მანუკიანი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 

 

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ბრიტანული კომპანია Survation-ის მიერ ოქტომბერში ჩატარებული კვლევის პროგნოზით, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი კანდიდატი სამველ მანუკიანი პირველ ტურში გაიმარჯვებს. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში კი ფიქრობენ, რომ მანუკიანის გამარჯვების შემთხვევაშიც კი ირიბად მაინც მკოიანს აირჩევენ, რადგან სამველ მანუკიანი ენზელ მკოიანის კადრია.

მკოიანი და მანუკიანი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდნენ, 2020 წლის დასაწყისში ორივე დაჯარიმდა დეკლარაციის არასრულად შევსებისთვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევით, 2019 წელს, ორივეს არ უსარგებლია პარლამენტში სიტყვის გამოსვლის უფლებით. 

კოლეგა მკოიანისგან განსხვავებით, დეპუტატმა მანუკიანმა სახელმწიფო ენა - ქართული - არ იცის. როგორც თავად ამბობს, პარლამენტშიც ამ მიზეზით არ აქტიურობს, თუმცა მაინც ცდილობს, რომ რეგიონის პრობლემები მოაგვაროს. 

„პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტრიბუნასთან არ ვყოფილვარ აქტიური და ვერც ვიქნები, რადგან სახელმწიფო ენაზე საუბარი მიჭირს. არ მინდა, რომ დამცინონ. პარლამენტში 150 დეპუტატი ზის. უკვე თვეებია ვსწავლობ ქართულს და პერსპექტივა მაქვს, მაგრამ არ მგონია რომ სიტყვით გამოვიდე“ - აღიარა მანუკიანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში.

მკოიანი და მანუკიანი ერთად გაეხვნენ სკანდალში, როცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში, ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანის ძეგლის გახსნას დაესწრნენ. ეს თარიღი დაემთხვა გლოვის დღეს აზერბაიჯანში. 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში, საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგეები დაარბია. ე.წ. შავ იანვარს 130 ადამიანი დაიღუპა. მიხაილ ავაქიანის ძეგლის აღების მოთხოვნით, თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა. 

პარლამენტარი მანუკიანი ბიზნესმენია. იგი, 2009-2016 წლებში შპს „გეოფუდის“ კომერციული დირექტორი იყო და სამეწარმეო საქმიანობას დღესაც აგრძელებს. სამი შპს-ს („გრანდის“, „კრისტალლი“ და „გეოფუდი“), 50-50%-იანი წილის მფლობელმა დეპუტატმა შპს „გეოფუდის“ საქმიანობიდან 2018 წელს შემოსავლის სახით 200 000 ლარი მიიღო. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, არცერთ ჩამოთვლილ კომპანიაში მას წილები სამართავად სხვა პირზე არ გადაუცია და ამით კანონი დაარღვია. ამის გამო მანუკიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2020 წლის ანგარიშშიც მოხვდა. თავად მანუკიანი ადგილობრივ მედიასთან, jnews-თან საუბრისას აცხადებდა, რომ მას კანონი არ დაურღვევია. 

„მე ამის გაკეთება ფორმალურად შემეძლო - გადამეცა შვილისთვის და ა.შ. მაგრამ რა საჭიროა თვალთმაქცობა? და შემდეგ იმის თქმა, რომ ეს ჩემი ძმის კომპანიაა. ყველამ იცის, რომ ეს ჩემი კომპანიაა. კანონში, ზუსტადაც, ნებადართულია საკუთრების ქონა, არ შეიძლება საკუთრებით ხელმძღვანელობა. მე არ ვთვლი, რომ ფორმალობები უნდა დავიცვა.“

სამველ მანუკიანის აღიარებით გამოდის, რომ კანონმდებელი სინამდვილეში კანონდამრღვევია, რადგან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში წერია: „საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

სამველ მანუკიანი ენზელ მკოიანის მსგავსად, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ფუფუნებაში არ ცხოვრობს. უფრო მეტიც, იგი არ ფლობს უძრავ ქონებას, რადგან სახლი, მიწის ნაკვეთი, კომერციული ფართი, სამკერვალო ფართი და სარდაფიც კი ახალქალაქში დედის სახელზეა გაფორმებული. მას ჰყავს 2 ავტომანქანა და დანაზოგის სახით ნაღდ ფულს - 14 000 ლარს სახლში ინახავს. 

არსენ კარაპეტიანი - „ევროპული საქართველო“

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი არსენ კარაპეტიანი, თავისუფლად ფლობს ქართულ ენას. მიმდინარე წლის არჩევნებიც მისთვის პირველი არ არის. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კარაპეტიანი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ კანდიდატთან ენზელ მკოიანთან დამარცხდა - მკოიანმა ხმათა 63.7% აიღო, ხოლო კარაპეტიანმა - 16.9%. 

Survation-ის კვლევით, ახლა კარაპეტიანს უკეთესი შანსები აქვს, ვიდრე მკოიანს. რამდენიმე დღის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე, „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“ რესპონდენტებმა ასე უპასუხეს: სამველ მანუკიანი (ქართული ოცნება) - 59%, არსენ კარაპეტიანი (ევროპული საქართველო) - 19%, ენზელ მკოიანი (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 14%, მელიქ რაისიანი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) - 5%, არტაშეს აკოფიანი (პატრიოტთა ალიანსი) - 3%.

ყარაბაღის მოვლენების ფონზე, არსენ კარაპეტიანი ღიად გამოხატავს თავის პოზიციას სომხეთის მხარდასაჭერად და „აზერბაიჯანის აგრესიაზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს „ფეისბუკზე“. მას დიდ პრობლემად მიაჩნია დასაქმება რეგიონში, რის გამოც ხალხი სამცხე-ჯავახეთიდან რუსეთში გარბის. 

„რეგინფოს“ ინფორმაციით, კარაპეტიანი ფლობს 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯიგრაშენში და 400 კვ.მ.-მდე ფართს ახალქალაქში. 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე კარაპეტიანი 2002-2007 წლებში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ანტიკორუფციულ განყოფილებაში მუშაობდა და 2013 წლამდე ნინოწმინდის პოლიციის უფროსიც იყო. დღეს მისი სახელი ორ ორგანიზაციას უკავშირდება. იგი ახალქალაქის რაიონის, სოფელი ბავრას „დემოკრატიული მართვის განვითარების ფონდის“ გენერალური დირექტორი და ახალქალაქის „ოფროუდ კლუბის“ თავმჯდომარეა. კარაპეტიანი თავადაც ექსტრემალური ავტოსპორტის მოყვარულია და კლუბის სახელით სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობს. 2019 წელს, შავი ზღვის ოფროუდ ფესტივალზე პირველი ადგილი სწორედ არსენ კარაპეტიანმა აიღო.

მელიქ რაისიანი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“

მელიქ რაისიანი საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრია: ორჯერ „საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან“ და 2004-2008 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. 

2012 წელს რაისიანმა პარტიული ფერი იცვალა და მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რაისიანს თაღლითობისთვის ბრალი წაუყენეს. 

პარლამენტარ რაისიანს მალვინა მატარაძისთვის 38 000 ლარის გამოძალვაში ადანაშაულებდნენ. გამოძიების მიხედვით, 2007 წელს, მელიქ რაისიანი, დეპუტატის ავტორიტეტის გამოყენების ხარჯზე, მატარაძეს გადასახადების დამალვაში დახმარებას დაჰპირდა. საქალაქო სასამართლომ რაისიანს დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა. ამის გარდა, გამოძიება რაისიანს „ქართული ოცნებისთვის“ ახალქალაქის ოფისის შეღავათიან ფასად მიქირავებასაც ედავებოდა. ამ დავის ფონზე, მელიქ რაისიანი რამდენიმე თვის განმავლობაში თავს სომხეთს აფარებდა და ქვეყანაში „პოლიტდევნილის“ სტატუსით, 2013 წლის იანვარში დაბრუნდა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მელიქ რაისიანმა ისეც იცვალა პოლიტიკური ფერი და მაჟორიტარის მანდატისთვის ახლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ სახელით იბრძოლებს. იმავდროულად, რაისიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში 51-ე ნომრად ჩასვეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მელიქ რაისიანი ერთადერთ ქონებას ფლობს: 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ახალქალაქში. რაც შეეხება მის სამეწარმეო საქმიანობას, რაისიანი შპს „ალექს იმპორტ კომპანიას“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. წესდების მიხედვით კომპანიის საქმიანობა ვაჭრობას, იმპორტსა და მომსახურების ობიექტების გახსნას მოიცავს. 

მელიქ რაისიანი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ხშირად აზიარებს მიხეილ სააკაშვილის მიმართვებს. 2020 წლის იანვარში ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს კიევშიც შეხვდა. რაისიანის შვილმა „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრა, რომ მელიქ რაისიანი და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არიან. 

ჯავახეთში 59 939 ამომრჩეველია. მათი ხმების მოპოვებას ჩამოთვლილი კანდიდატების გარდა შეეცდებიან არტაშენ ჰაკობიანი „პატრიოტთა ალიანსიდან“, მიხეილ შიოშვილი „საქართველოდან“, ამირან ჭაღალიძე „თავისუფალი საქართველოდან“, ელზა გრიგორიანი „შეცვალე საქართველოდან“ და „ბეჟან გუნავა-ქართულ არჩევანიდან“ დიანა არუთუნიანი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]